Alliance Group-ი აჭარაში მორიგი პროექტის განხორციელებას იწყებს. ინვესტორი კურორტ „გოდერძზე“ სასტუმროს ააშენებს.
დასასვენებელი კომპლექს „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე’’ დღეს ჩაეყარა საფუძველი. სიმბოლური კაფსულა საძირკველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ და Alliance Group-ის მმართველმა გიორგი ბიწაძემ ჩადეს.
"ეს არის პირველი დიდი საინვესტიციო პროექტი გოდერძზე. დარწმუნებული ვარ კურორტის განვითარების შესაძლებლობა კიდევ არაერთ ინვესტორს დააინტერესებს და აქ ჩვენ უახლოეს მომავალში ძალიან მაღალი დონის, კიდევ უფრო განვითარებულ ინფრასტრუქტურას მივიღებთ.
კურორტზე ამ ეტაპზე 1 სასტუმრო ,7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. გარდა იმისა რომ თითოეული ახალი სასტუმროს თუ კოტეჯის მშენებლობა კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს, ის ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და Alliance Group-ის მშენებლობაზე 100 ადგილობრივი დასაქმდება, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია", განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა.
100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროეტში 100 ადგილობრივი დასაქმდება.
საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ Alliance Group-ი ბათუმში Courtyard Marriott-ის ბრენდის ქვეშ სასტუმროს აშენებს, რომელიც ALLIANCE PALACE-ში განთავსდება.