გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს უბედური ქვეყანა, კვლავ ვიღაცეების ინტერესებს ეწირება, - ამის შესახებ სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ცოტე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ სვანეთის მოსახლეობის პროტესტს მთელი საზოგადოება უნდა შეუერთდეს.
”ბუნება და კულტმემკვიდრეობა გახლავთ ის ორი საკითხი, რომელიც ყველასია და არამხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლების”, - აცხადებს გამსახურდია.
მისვე თქმით, გამოიკვეთა ხელისუფლების წევრთა ძალიან საშიში, უპასუხისმგებლო და, ფაქტობრივად, მტრული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოს მიმართ სრულიად გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზნებით.
”ხელისუფლება და მისი სეკსოტ-პიარშჩიკები ავრცელებენ მითებს, თითქოს სვანები მეტი ფულისა და კომპენსაციისათვის ვაჭრობენ და მხოლოდ ესაა ამ საქმის თავი და ბოლო. რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ისედაც ინერტულ საზოგადოებას არ გაუჩნდეს ვიღაცის ბინძურ თამაშებში ჩაბმის სურვილი! კიდევ და კიდევ, ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვნახე კაცები, ამ ქვეყნის შვილები, რომლებიც საკუთარ სინდისს, საკუთარ ცას და მიწას არ ყიდიან”, - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ მასში აუცილებლად უნდა ჩაერთონ პოლიტიკური ძალები.
”დიახ, ეს პოლიტიკის საკითხია და უმაღლესი, პოლიტიკური ტრიბუნებიდან უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი. აბა, ტრაქტირში განვიხილოთ ზოგადნაციონალური საკითხები? ესეც არ იყოს, თუ პოლიტიკოსს არ აინტერესებს ეროვნული მასშტაბის სატკივარი, ის უბრალოდ მოსიარულე პოლიტიკური გვამია”, - აცხადებს გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდია ყურადღებას ამახლვილებს იმ გარემოებაზე, რომ სვანეთში 35 ჰესის აშენებაა დაგეგმილი და არაერთი ეკლესია წყალქვეშ მოყვება.
”უკან დახევას არ ვაპირებთ, ჩვენ უკან ჩვენი ქვეყანაა!”, - აცხადებს ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ ხვალ სვანეთში მოსახლოება ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.