სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების საკითხის ნატო-ს მოთხოვნებთან დაკავშირება, თინა ხიდაშელის მხრიდან ცოტა არასწორი ინტერპრეტაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, მიმართულება, რომ საქართველოში, შემდგომი იმპლემენტაციის გეგმის თანახმად, საყოველთაო გაწვევა უნდა გაუქმდეს, სააკაშვილის დროს იყო მიღებული, თუმცა მსგავს მრავალგანზომილებიან საკითხებს კარგი წინასწარი ტექნიკური მომზადება სჭირდება.
"ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებები არის მრავალგანზომილებიანი და მოიცავს არაერთი უწყების ჩართულობას, როგორიცაა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტური სამინისტრო, ასევე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ასეთი გადაწყეტილებების გახმოვანება არ ხდება ხოლმე წინასწარი, მინიმუმ, ტექნიკური მომზადების გარეშე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რომ, ზოგადად, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, ცნობილია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები არ მიიღება პრესკონფერენციებსა თუ პრესბრიფინგებზე. ნორმალური ფორმატია, რომ როდესაც ასეთ გადაწყეტილებას იღებ, უნდა იყოს გავლილი, მინიმუმ კარგი, უწყებათაშორისი ტექნიკური მომზადება. ამაზე იყო საუბარი. მგონია, ეს გაუგებრობა უნდა ამოვწუროთ. თინასაც, ალბათ ვურჩევ, სჯობს, სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ ამ საკითხის გასარკვევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურს კითხვა თავდაცვის მინისტრის პოსტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. გიორგი კირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამაზე დღეს საუბარი ზედმეტია.
"ყველა გადაწყვეტილება, ვიქნებით ერთად, ცალ-ცალკე, თუ როგორ იქნება, მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით. ამიტომ ამაზე, აჟიოტაჟის ატეხვა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.