საქართველოს თავდაცვის მინისტრი დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. თინა ხიდაშელის თქმით, სესიაშვილს ფილოსოფიური პრობლემა აქვს.
მისი თქმით, ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია.
„სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ორ კვირაში ის შესაძლოა აღარ იყოს თავდაცვის მინისტრი. ხიდაშელი ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილს ამ საკითხზე პასუხი პრემიერმინისტრმა გუშინ უკვე გასცა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, პოპულისტური და ქვეყნისთვის საზიანო უწოდა.