21 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ა. თვალჭრელიძის (კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი), თ. ბერბერაშვილისა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და მ. ოთარაშვილის (კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი) ერთობლივი ნაშრომის - წიგნის „ნედელეულის ეკონომიკის“ (ნედლეულის როლი გლობალიზაციის სამყაროში) პრეზენტაცია. ეს ამ თემაზე ქართულად დაწერილი პირველი წიგნია. ნაშრომი წარმოადგენს ნედლეულის მსოფლიო ბაზრების, რესურსების, წარმოების, გადამუშავების სქემების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, სტრატეგიული რეზერვების, მონოგრაფიულ კვლევას. მასში განხილულია მსოფლიოს უმსხვილესი მომპოვებელი კომპანიები, ნედლეულის მსოფლიო ნაკადები, ინფრასტრუქტურა (მილსადენები, ტანკერული და სხვ. ფლოტი, პორტები, და სხვ.), ფასწარმოქმნა, აგრეთვე, ნედლეულის გავლენა გეოეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. შემუშავებულია ეკონომიკური ანალიზის მეთოდიკა და შექმნილია მსოფლიოს, ნედლეულის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების რეგრესიული მოდელები, სადაც მშპ აღწერილია ნედლეულის ტერმინებში. განხილულია მსოფლიო სანედლეულო ბაზრებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და შემოთავაზებულია მდგრადი სანედლეულო პოლიტიკა. წიგნი მულტიდისციპლინარულია. წიგნი საინტერესო იქნება გეოლოგებისთვის, მინერალოგებისთვის, საბადოთა სპეციალისტებისთვის, ნედლეულის ანალიტიკოსებისთვის, საერთაშორისო და მაკროეკონომისტებისთვის, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის ექსპერტებისთვის, ამ დარგის სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, ადამიანებისთვის, ვისაც საერთაშორისო ბირჟებზე ინვესტიციების განხორციელება უნდა, უბრალოდ, ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.