ვიცი, რომ ნატო-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია, - ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
„ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვება გადაწყვიტა. ეს ახალ ფურცელს შლის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგრამ ვიცი, რომ ნატო-სთან მიმართებაში გაერთიანებული სამეფოს პოზიცია უცვლელია. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს სანდო და ერთგულ მოკავშირედ დარჩება და ჩვენს ალიანსში წამყვანი როლის შესრულებას გააგრძელებს“, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციის ფონზე, ნატო-ს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, „ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ალიანსი არასტაბილური სამყაროს სტაბილურობის საყრდენად და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკვანძო ფაქტორად რჩება”.