„წიგნი ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში 25 ივნისს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე დოლიძის კუთხეში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც სტუმრებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა და "პალიტრა L"-ისგან 20%-იდან 60%-მდე ფასდაკლება წიგნებზე, უამრავი საინტერესო გასართობი და საჩუქარი ელით. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ გააჩუქონ წიგნები მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია და თან დაურთონ წერილები ინკოგნიტო ადრესატებისათვის და ასე გაიჩინონ წიგნის მეგობრები. ღონისძიებას საზოგადოებისთვის საყვარელი ავტორები და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბავშვებთან ერთად დაესწრებიან და წიგნს წერილთან ერთად გააჩუქებენ.
„წიგნი ყველა სოფელს“ - არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოს, ბიზნეს სექტორის ერთიანი ძალისხმევით და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის“ ინიციატივით ხორციელდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის“, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L“-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“, და “დანქინ დონატსის” რესტორნებში. ასევე, ყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებში: წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, დიდუბის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
დოლიძის კუთხეში მდებარე „ვენდის“ ამერიკულ რესტორანში წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა „ვენდის“ გოგონები სტუმრების განწყობაზე სახის მოხატვით, ბუშტების დარიგებით და სხვა სახალისო აქტივობებითაც იზრუნებენ.