საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ გმირთა მოედანზე ესტაკადა გახსნეს. ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახლად აშენებულ გზაზე მათ პირველებმა ფორმულა 3-ის მანქანით გაიარეს.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გზა უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე გორის მაგისტრალი.
"ესაა ძალიან სწრაფი მანქანა და პატარა დაბრკოლებაზედაც კი რეაგირებს, თუმცა გზაში, ფაქტობრივად, არც ერთი დაბრკოლება არ შეგვხვედრია. ეს გზა ასიათასობით თბილისელს ცხოვრებას ყოველდღიურად გაუადვილებს, რომლებიც გაწამებულები იყვნენ საცობებით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, ესაა სტრატეგიული ხედვა იმისა, თუ "რა უნდა იყოს თბილისი".
ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გზის ეს ნაწილი არის პირველი ხაზი და შემდგომში სხვა ნაწილებიც გაიხსნება, რაც საცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.
"გაჭირვებაზე რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მანქანების რაოდენობა მატულობს. ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წლების განმავლობაში ავტომანქანების რაოდენობა გაორმაგდა, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ "ავტომობილების ცხოვრების გაუმჯობესებაზე". ეს მნიშვნელოვანი წინ გადადდმული ნაბიჯია და ვულოცავ ყველა თბილისელს. მე ხილიანზე ვცხოვრობდი და ბინა მხოლოდ იმის გამო გადავცვალე, რომ ამ გზაზე შესვლა შეუძლებელი იყო", - განმარტა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა მძღოლებს მოუწოდა, ქალაქში მოძრაობისას უსაფრთხოების ღვედები გაიკეთონ.