პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოსახლეობას სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებით რჩევას აძლევს და მოუწოდებს ,,იყიდონ მაშინ, როცა სჭირდებათ და გაყიდონ მაშინ, როცა სჭირდებათ". მისივე თქმით, ლარის კურსის ვარდნა ერთჯერადი ხასიათისაა და მალე ჩადგება კალაპოტში.
„მიზეზებთან დაკავშირებით მოგახსენებთ - ბაზარს ნამდვილად თვალს ვადევნებთ. ერთი მხრივ, ეს არის ერთჯერადი ტრანზაქციები, ერთჯერადი მოთხოვნები. მეორე მხრივ, მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნა უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით, ძალიან გთხოვთ, იყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ, როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება ერთ, ან სხვა დროს.სამწუხაროდ, მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით - ყველაზე მაღალ კურსზე, როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე ყიდის. მოვლენა, რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპოტში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2431 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2240 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5603 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5111 ლარს შეადგენდა.