2016 წელი არის დიდი კომპოზიტორის სერგეი პროკოფიევის დაბადებიდან 125 წლისთავი, ამ თარიღს მთელ მსოფლიოში არაერთი ღონისძიება ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია წარმოადგენს სპექტაკლს “კონკია”, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 26 ივნისს 14:00, 16:00, 18:00 და 20:00 საათზე. სპექტაკლში მონაწილეობენ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის "ვერის უბნის ტანც კლასი"-ს მოსწავლეები. სპექტაკლის ქორეოგრაფი მაკა მახარაძე, კოსტუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი. დადგმაში მონაწილეობს მოწვეული მსახიობი თამარ მაყაშვილი.
პროექტის მიზანია საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია. რათა სპექტაკლი ნახონ არა მარტო მათ, ვისაც ბალეტი უყვარს, არამედ ბავშვებმაც, რომლებსაც არა აქვთ საშუალება იარონ საბალეტო წარმოდგენებზე. ამის პრაქტიკა სტუდიის მესვეურთ წლების მანძილზე დაუგროვდათ, რითაც ცდილობენ შეაყვარონ მომავალ თაობას თეატრი და ზოგადად ხელოვნება.