“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გაჯიუტდა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში ბერძენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილი სწორად არის დაჭერილი.
„ეს ყველაფერი წვრილმანებია. ასეთი ფაქტები ხდება დიდ და დემოკრატიულ ქვეყნებთანაც. გაცილებით მეტი საქმეებია დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთის წინააღმდეგ, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ. პირადად ჩემთვის ნათელია, რომ ეს ადრეც უნდა მომხარიყო. ეს არ არის იმ ტიპის დანაშაული, რომელიც რომ გამოგვეძიებინა ქვეყანა დაიქცეოდა. დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ. აქ არ იგულისხმება სისხლის დაღვრა და ხალხის შეწირვა საქართველოს ინტერესებისთვის. ასევე ძალიან მაინტერესებს 12 ათასი ევრო რომ არის გადასახდელი ჩვენი საცოდავი ბიუჯეტიდან, ამაში ვინ არის დამნაშავე. უნდა გამოვლინდეს ეს ხალხი. საყვედური მაინც უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყანას ზარალი მიადგა“, - განაცხდა ბერძენიშვილმა.
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, - აცხადებენ პროკურატურაში.