საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყება წაახალისებს სხვა პატიმრებს , ახალ-ახალი ვერსიები შესთავაზონ გამოძიებას მათი პირობების შესახებ.
,, რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, მე მაგალითად, მე ვერ ვხედავდი ამის საჭიროებას, უბრალოდ, სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, შიდა დონეზე ჩვენ იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ და ეს სავალდებულოა. თუმცა, მეორე მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული წახალისება იმ მსჯავრდებული ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, ელემენტარული ახალ-ახალი ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას ან საგამოძიებო ორგანოებს იმის თაობაზე, რა ცუდ პირობებში არიან. მე არ მგონია მიზანშეწონილი იმ პატიმრების წახალისება, რომლებიც ასეთი დაუმორჩილებელი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და მიაჩნიათ, რომ ციხეში ყოფნაში თავად კი არ არიან დამნაშავეები, არამედ კაცობრიობა. მე მიმაჩნია, რომ პრემიერიც, პოლიტიკური პარტიის ლიდერიც და პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს დანაშაულში ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მსჯავრდებული. რაღაცა განსაკუთრებული რეჟიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მისამართით ალბათ სწორი არ უნდა იყოს”, - აღნიშნა ფოფხაძემ.
მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, - აცხადებენ პროკურატურაში.