პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განიხილავს. მისი შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის მძიმე გადაწყვეტილება და მას უნდა მოჰყვეს კონკრეტული პირების შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
„მე მინდა გავიმეორე პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხზე. ამ გადაწყვეტილების კონტექსტში პრეზიდენტი არ განიხილავს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის დამაზიანებელი გადაწყვეტილება. ეს არის მძიმე გადაწყვეტილება. როგორც ჩვენ ვაცხადებთ, ამას უნდა მოყვეს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონკრეტული პირებისა. მინდა გითხრათ, რომ დღეს მინისტრებიც საუბრობენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, უნდა ჩატარდეს ამ საკითხზე. ორი აზრი არ არსებობს ამისთვის და პრეზიდენტი თავიდანვე აფიქსირებდა ამ პოზიციას, რომ გამოძიება ჩასატარებელია და ეს ვალდებულება მომდინარეობს კანონმდებლობიდან, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ როცა დანაშაულის შემცველი ინფორმაცია ვცრელდება, პროკურატურამ უნდა მიახდინოს სამართლებრივი რეაგირება. მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ იმაზე, მოხდა თუ არა მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, არამედ იმაზეც რატომ არ შეასრულა პროკურატურამ თავის დროზე კანონით დაკისრებული ცალსახა ვალდებულება და რატომ გამოიწვია ამ ვალდებულების შეუსრულებლობამ დღეს სტრასბურგის მხრიდან სახელმწიფო ინტერესებისთის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.