კაბადოკიაში მიმავალი ტურისტები, სარფის გამშვები-პუნქტიდან უკან დააბრუნეს. ჩაშლილი ტურს ტურისტებსა და ორგანიზატორებს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოჰყვა. ადგილზე მივიდა საპატრული პოლიცია და ვითარება განიმუხტა. საბოლოოდ, ტურის მონაწილეები თბილისში დაბრუნდნენ. ისინი ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ: ტურის ღირებულების - 180 ლარისა და ვაუჩერში გადახდილი - 15 ლარის მათთვის დაბრუნებას.
„ჯი-ეიჩ-ენი“ საკითხით დაინტერესდა და მის გარკვევას შეეცადა. ერთ-ერთი ტურისტი ამბობს, რომ მან ფასდაკლების ვაუჩერი კაბადოკიის ტურზე ფასდაკლებების საიტ - swoop.ge-ზე შეიძინა.
swoop.ge-ზე გაკეთებულ სარეკლამო შეთავაზებაში ვკითხულობთ: „გთავაზობთ 15 ლარად, 60%-იან ფასდაკლების ვაუჩერს 4 დღიან ტურზე კაპადოკიაში კომპანიისგან Traveler.ge. ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 180 ლარს 450 ლარის ნაცვლად“.
რადგან Traveler.ge, აღიქმება როგორც -.GE ზონის დომენი, გადავამოწმეთ და ამ დომენზე სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის ვებგვერდი იხსნება. კომპანია „იმედი ელის“ წარმომადგენელი „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დომენი მათ ეკუთვნის, თუმცა ტურისტულ კომპანიასთან რაიმე სახის ურთიერთობას, მით უფრო, აღნიშნულ ტურთან, კატეგორიულად უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ განცხადებაში მითითებული არ არის რომ Traveler.ge კომპანიის ინტერნეტგვერდის მისამართია. შესაძლოა, ეს მხოლოდ კომპანიის სახელწოდებაა, თუმცა სამეწარმეო რეესტრში ამ სახელწოდებით კომპანია არ იძებნება.
ამის შემდეგ დავუკავშირდით განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, შალვა ბოლოთაშვილმა განაცხადა, რომ ის ხელმძღვანელობდა ამ ტურს. „ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვაზე - რატომ ვერ შეძლო კომპანიამ ტურის უზრუნველყოფა, ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი სარფის გამშვებ-პუნტზე წარმოქმნილი პრობლემა იყო. „თურქეთის მხარემ ავტობუსები არ გაატარა“.
მისივე თქმით, მიზეზი მათთვისაც უცნობია.
„სწორედ ეს გახდა მიზეზი რომ ტური ჩაიშალა. ჩვენ მივმართეთ თურქეთის საელჩოს და ვცდილობთ საკითხში გარკვევას. ჩვენ არაერთი ტური გქვონია და ეს იყო მე-11. მსგავსი პრობლემა არასდროს შეგვქმნია“, - ამბობს ბოლოთაშვილი.
ჩვენს კითხვაზე არის თუ არა კომპანია Traveler.ge პასუხიმგებელი, ბოლოთაშვილი გვპასუხობს, რომ ეს ტური დაგეგმა არა კომპანიამ, არამედ ფიზიკურმა პირმა შალვა ბოლოთაშვილმა და აქ კომპანია არაფერ შუაშია. ასევე, ამბობს რომ დომენი Traveler.ge მათი კუთვნილება არ არის.
კითხვაზე, განცხადებაში ტურს სწორედ Traveler.ge სთავაზობს ტურისტებს, ორგანიზატორი გვეუბნება: „მე მილიონი კომპანია მაქვს, სამშენებლო და სხვაც ბევრი და მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.
ბოლოთაშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ტურისტებისთვის თანხა ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგან სასტუმროს, საწვავისა და ავტობუსის მძღოლებისთვის უკვე გადახდილი ჰქონდათ.
მისი თქმით, თანხის დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება.
კომპანიის შესახებ დასმულ კითხვაზე გაუგებარი პასუხის შემდეგ, მივმართეთ swoop.ge-ს, სადაც ოპერატორმა „ნინიმ“ ჩვენს შეკითხვაზე რატომ შეჰყავთ მომხარებელი შეცდომაში, როცა ასეთი კომპანია არ არსებობს, ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ჩვენს თხოვნის შემდეგ კი, პასუხისმგებელ პირთან დავეკავშირებინეთ, საუბარი დაასრულა.
ტურის ჩაშლის მიზეზებზე სხვა ვერსია აქვთ ტურისტებს. ისინი ამბობენ, რომ ორგანიზატორებს დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ, რის გამოც თურქეთის მხარემ ავტუბუსები ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.
ტურისტებმა საზღვარი ფეხით გადაკვეთეს. ორი ავტობუსი კი დარჩა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
„ერთი ვერსიით, შეფერხება უკავშირდებოდა საზღვარზე კომპიუტერული სისტემის გაუმართაობას. მეორე ვერსიით, ავტობუსების გამქირავებელ კომპანიას დროულად არ ჰქონდა გადაგზავნილი შესაბამისი მოთხოვნა, საბუთები საზღვარზე, რაც აფერხებდა ავტობუსებისთვის პროცედურების გავლას. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ბოლო ვერსიით, ავტობუსებს არ გააჩნდათ საკმარისი საბუთები საზღვრის გადასაკვეთად და კაბადოკიისკენ გზის გასაგრძელებლად“, - გვიყვება ერთ-ერთი ტურისტი.
შესაძლოა, სრულიად სიმართლეს შეესაბამებოდეს, რასაც ბოლოთაშვილი ჰყვება, თუმცა რამდენიმე დარღვევა, რომელიც სახეზეა, კითხვის ნიშნებს აჩენს: 1. არარსებული კომპანია გეგმავს ტურს. 2. შემდეგ აცხადებს რომ პასუხისმგებელი არა კომპანია, არამედ ფიზიკური პირია, რის შესახებაც ტურისტებმა არ იციან. 3. ვაუჩერის ღირებულების გარდა გადასახდელი 180 ლარი ტურისტებმა მგზავრობის დაწყების წინ, ავტობუსში ხელზე გადიხადეს ისე, რომ არანაირი დამადასტურებელი ქვითარი მათთვის არ გადაუციათ.
სხვა საკითხია ჰქონდა თუ არა ავტობუსს დოკუმენტაცია წესრიგში, რა გახდა არ შეშვების მიზეზი, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჯერჯერობით ტურისტებისთვის არც გადახდილი თანხა დაუბრუნებიათ და არც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესებულან, რა ხდება. იქნებ არც არის მათი კომპეტენცია?