ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
მისი თქმით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით.
„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს. მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი.
იანოშ ჰერმანის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა განაგრძობს საქართველოში იმ რეფორმების გატარების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ პოლიტიკური ჩარევისგან.