23 ივნისს სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2015” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას” („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“) მუსიკალური პროექტი, ”ოქროს ტალღა ”, უკვე მესამე წელია საქართველოში ტარდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ორგანიზატორებმა აცნობეს, წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ფულად პრიზს - 5 ათას ლარს გადასცემს. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება „ოქროს ტალღის“ სკულპტურა, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.
წლის სიმღერასთან ერთად, კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
- წლის მომღერალი ქალი
- წლის მომღერალი მამაკაცი
- წლის დუეტი
- წლის ჯგუფი
- წლის ანსამბლი
- წლის პოპ სიმღერა
- წლის ქალაქური სიმღერა
- წლის დებიუტი
- წლის აღმოჩენა
- ხალხის რჩეული (ინტერნეტრჩეული)
- ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
გარდა ამისა, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იტოვებს უფლებას, 2015 წლის განმავლობაში ეთერში გასული ყველაზე მოთხოვნადი სიმღერებიდან ოთხივე რადიოსადგურის ფავორიტები დაასახელოს.
ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიის დღეს. რაც შეეხება ხალხის რჩეულს, მის რეიტინგს გულშემატკივარი ყოველდღიურად ინტერნეტის საშუალებით გაეცნობა.
კონკურსში „ოქროს ტალღა “ მონაწილეთა სია 2015 წლის განმავლობაში ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით შედგა. პროექტში დღეისთვის 75 სიმღერა მონაწილეობს.
დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ პირველად 2013 წელს ჩატარდა. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა.
2014 წელს წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულის ტიტული მიენიჭა ანრი ჯოხაძის სიმღერას ”განა ყველა ქალი ქალია ”, შემსრულებელს გადაეცა ფულადი ჯილდო, 5000 ლარი.