„თანამედროვე ქართული პოეზია“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გერმანული გამოცემა Fixpoetry 6 ქართველი პოეტის გერმანულ ენაზე გამოცემულიპოეტური კრებულის შესახებ. სტატიის თარგმანს გთავაზობთ უცვლელად:
„გამომცემლობა Corvinus Presse-ს უძვირფასესი წიგნები შესაძლოა, ყველას არ მოხვდეს თვალში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გამომცემელი ჰენდრიკ ლირში ხმაურიან ადამიანთა რიცხვს არ ეკუთვნის და არც რომელიმე დაჯგუფებას ემსახურება. მისი ბიბლიოფილური წიგნებიც არ არის განკუთვნილი მასობრივი მკითხველისთვის, ისინი უშუალო კონტაქტს ელიან.
ამგვარი წიგნია Corvinus Presse-ს მიერ გამოცემული თანამედროვე ქართული ლირიკის კრებული “შორიდან”, რომელზეც ინტერნეტბლოგი http://georgien.blogspot.de/ ლაიპციგის წიგნის ბაზრობის გახსნის წინ წერდა:
“საქართველოში, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იქნება, პოეზია განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე გერმანიაში. Corvinus Presse-ს გამოცემული ქართული ლირიკის კრებული ექვს თანამედროვე მნიშვნელოვან ავტორს გვაცნობს. ხუთი მათგანი „ცვლილებათა თაობის“ წარმომადგენელია, ისინი 80-90 იანების მიჯნაზე გამოვიდნენ ასპარეზზე და მათი შემოქმედებაშიც სწორედ დროის ეს ცვლილებებია ასახული, რასაც იდეოლოგიისგან თავისუფალი თემებითა და მრავალფეროვანი ქართული სალექსო ფორმებით გადმოსცემდნენ. ასე იძენდა ქართული პოეზია ახალ ფორმასა და შინაარსს.
კრებულის მეექვსე ავტორი კი, ელა გოჩიაშვილი, ქართული პოეზიის გრანდ დამეა, რომლის ლექსებზეც ახალგაზრდა ავტორები იზრდებოდნენ. სწორედ მისი ვრცელი ლექსი „შორიდან“ ეწოდა სათაურად წინამდებარე კრებულს“.
კრებულის გამოცემის იდეის ავტორია მათიას უნგერი. კრებულს ახლავს ზაალ ანდრონიკაშვილის წინასიტყვაობა. ავტორთა სახელებია : ელა გოჩიაშვილის, შალვა ბაკურაძე, ზვიად რატიანი, ბელა ჩეურიშვილი, შოთა იათაშვილი, მაია სარიშვილი.
ლექსების ბწკარედული თარგმანი შეასრულა თენგიზ ხაჭაპურიძემ, პოეტური თარგმანის ავტორია ნორბერტ ჰუმელტი.
ილუსტრაციები ეკუთვნის ჰანს შაიბს.