დღეს, 14 ივნისს, ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის (ნატალია ანდრონიკაშვილის) დაბადებიდან 112 და გარდაცვალებიდან 63 წელი შესრულდა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში დაიბადა და 1953 წლის 14 ივნისს, თავისივე დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა.
ნატო ვაჩნაძე იყო საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. ნატო ვაჩნაძის ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია "საქკინმრეწვი" საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.
ნატო ვაჩნაძე ვარშავაში, ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში დაიბადა. გვარი პირველი ქორწინებიდან (მერაბ ვაჩნაძესთან) აიღო. მისი მეორე ქორწინება ნიკოლოზ შენგელაიასთან პირველი კინოოჯახი გახდა საბჭოთა კავშირში, რომელსაც მოჰყვა ანჯაფარიძე-ჭიაურელის, ორლოვა-ალექსანდროვისა და მაკაროვა-გერასიმოვის კავშირები. მოგვიანებით ნატო ვაჩნაძის უმცროსი ვაჟის, გიორგი შენგელაიას ქორწინებამ სოფიკო ჭიაურელზე მათი ოჯახი ყველაზე გავლენიანი გახადა საბჭოთა კავშირის კინოინდუსტრიაში. მისი მეორე ვაჟი, ელდარ შენგელაიაც კინორეჟისორია. უფროსი ვაჟი თენგიზ ვაჩნაძე - არქიტექტორი.