9 ივნისს გვიან საღამოს პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ევრო-2016-ის ფანზონა, რომელიც განთავსებულია ეიფელის კოშკთან, მარსის ველზე.
ცერემონიას დაესწრო დაახლოებით 90 ათასი მაყურებელი და ათასზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის ვიყავით ევრო-2016 აკრედიტებული MYSPORT.GE ჟურნალისტი ლაშა თაბაგარი, Georgia-Online ფოტოგრაფი ხათუნა გაბიტაშვილი და ამ სტრიქონების ავტორი.
გახსნის ცერემონია და კონცერტი დაიწყო თითქმის ორსაათიანი დაგვიანებით, თუმცა აქ შეკრებილ ადამიანებს ამის გამო არ გამოუხატავთ რაიმე სახის პროტესტი. ყველა მაყურებელი ერთობოდა ისე, როგორც სურდა-სვამდნენ ლუდს,მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ეწეოდნენ სიგარეტს პირდაპირ მინდორზე, რამაც სხვათა შორის, შეაწუხა მაყურებელთა გარკვეული ნაწილი. გულშემატკივრები და ჟურნალისტები ისედაც დაღლილები იყვნენ ფანზონის ტერიტორიაზე შესვლის მრავალეტაპიანი შემოწმების პროცედურებით, ამას ემატებოდა მცხუნვარე მზე და გახსნის ცერემონიის დაგვიანება, რამდენიმე მაყურებელი შეუძლოდ გახდა და მათ იქვე მედპერსონალმა აღმოუჩინა დახმარება.
ყველაზე კმაყოფილი ჩანდნენ ფანზონაში მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები და ლუდის დამტარებლები, რომლებიც ზურგზე მოკიდებილი დიდი კასრებიდან ასხავდნენ ლუდს მსურველებისთვის-ფასიც დიდი იყო....
ათასობით პოლიციელი და სპეცსამსახურების თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, მათ კონცერტისა და ლუდისთვის არ ეცალათ.სხვათა შორის, ფანზონის პერიმეტრის დაცვის თანამშრომელთა შორის ვნახეთ საფრანგეთში მცხოვრები ჩეჩნები, რუსები, უკრაინელები და ერთი ქართველი, რომლებიც თვითონ მოვიდნენ როცა დაინახეს ჩემ ტანსაცმელზე საქართველოს ეკიპირება.
ეს ქართველი აღმოჩნდა საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მკვიდრი 34 წლის დავით უთურგაული, რომელსაც ძალიან გაუხარდა ქართველი ჟურნალისტების დანახვა. გავესაუბრე მას, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ცხოვრობს უცხოეთში-ჯერ რუსეთში, შემდეგ საფრანგეთში-კარგად საუბრობდა ქართულად.
„მე ქართველი ვარ, მეუღლეც ქართველი მყავს“, - ამაყად გვითხრა დათომ. მის კოლეგებსაც გაუხარდათ, რომ დათომ ნახა თანამემამულეები და გვაცადეს საუბარი. გადავიღეთ ფოტოები და ვუსურვეთ დათოს წარმატება.
9 ივნისს ფანზონის ტერიტორია დაათვალიერა პარიზის მერმა ქალბატონმა ან იდალგომ, რომელიც გავიცანი 2015 წლის დეკემბერში პარიზში გამართულ ევრო-2016 კენჭისყრაზე და იმავე დროს, გადავიღე მასთან რამდენიმე ფოტო. ჩემს კითხვაზე -„საქართველოში როდის ჩამოხვალთ?“- მაშინ ან იდალგომ გაიცინა, მისმა თანაშემწემ კი ნახევრადხუმრობით თქვა-„როცა ქალბატონი ან იდალგო გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი, მაშინ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში“. ახლა, ევრო-2016-ია ჯერჯერობით ვერ მოვახერხე კონკრეტული საუბარი ან იდალგოსთან, თუმცა იმედია, რომ ამის საშუალება მომეცემა.
რაც შეეხება ფანზონის გახსნას და კონცერტს, ამ ღონისძიების მთავარი გმირი იყო ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და დიჯეი დევიდ გეტა. ის არის ევრო-2016 ჰიმნის ავტორი.
10 ივნისს დილიდან პარიზის ქუჩებში დიდი ხმაურია-სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გულშემატკივრები მღერიან, ცეკვავენ და უკვე ზეიმობენ ევრო-2016 დაწყებას.
”ჯი-ეიჩ-ენი”, თენგიზ პაჭკორია პარიზიდან
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები