ახალგაზრდა ხელოვანს 500-მდე ნამუშევარი აქვს შექმნილი და 5 პერსონალური გამოფენის ავტორია. თანამედროვე ქართველი მხატვარი გიორგი კუხალაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა ქართულ მხატვრობაში. არაერთი გამოფენა გამართა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. 2010 წელს გახდა გამარჯვებული კონკურსისა „ტოლსტოი თბილისში“ 2015 წელს კი, მხატვარი ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახალგაზრდა პროფესიონალის წოდებით დააჯილდოვეს. ამჯერად, გიორგი კუხალაშვილის გამოფენას გალერეა შარდენი დაეთმო. გამოფენილია 35-მდე ნამუშევარი.
- როდის დაიწყეთ ხატვა ?
- ხატვა ბავშვობაში 2 წლის ასაკში დავიწყე. პირველი ნამუშევარი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს და არც ნამუშევრები შემომრჩა. ხოლო პირველი პერსონალური გამოფენა სკოლის დერეფანში მქონდა როცა მეორე კლასში ვიყავი. ეს იყო დაუვიწყარი დღე. მოდიოდნენ პედაგოგები, ბავშვები, ტელევიზიაც კი იყო.
-რამდენი ნამუშევარი გაქვთ სულ შექმნილი და რა ჟანრშია შესრულებული თქვენი ნამუშევრები ?
- დაახლოებით 500-მდე ნამუშევარი მაქვს . პერსონალური გამოფენა ოთხი სამშობლოში და ერთი საზღვარგარეთ კერძოდ პეტერბურგში მქონდა. კონკრეტული ჟანრი ჩემს ნამუშევრებში არ არის, თავს არ ვიზღუდავ და ყველა ჟანრში ვხატავ. ნამუშევრებში გადმოცემულია ჩემი სამყარო. ლეონარდო არაჩვეულებრივად ამბობს, ბუნებაში როგორიც არის ძაღლი, ზუსტად ისეთი რომ დავხატოთ ამით ბუნებას ერთით მეტი ძაღლი ეყოლება, ხელოვნებას კი არაფერი შეემატებაო. იგივეა თუ ნამუშევრებში შენს შინაგანს, ინდივიდუალურს არ ჩადებ მას არანაირი ფასი არ ექნება.
- რამდენი ტილოა გამოფენაზე და როდემდე გაგრძელდება გამოფენა ?
- ეს არის რეტროსპექტიული სახის გამოფენა. გამოფენილია 30-35-მდე ნამუშევარი და 14 ივნისამდე გასტანს.
- რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ ?
- ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ყოველთვის არის სიახლე. არ მიყვარს ერთ კონკრეტულ მიღწევაზე გაჩერება. მუდმივად ძიების და ახლის აღმოჩენის პროცესს ვაგრძელებ. ვგეგმავ საზრვარგარეთ პერსონალურ გამოფენას.
ესაუბრა ეკა ფანცულაია