ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულმა სასამართლო პროცესმა სრულად გააშიშვლა დღევანდელი რეჟიმი, - ასეთი კომენტარი გააკეთა ტელეკომპანიის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
„ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა იმედი, რომ შეხება გვქონდა სასაამრთლოსთან, ეს ყველაფერი არ იყო მართლმსაჯულება, ეს არ იყო სასამართლო. ჩვენი მიზანი იყო, დაგვენახებინა ჩვენი სიმართლე როგორც კანონის, ასევე მორალური თვალსაზრისით. ჩვენ ეს შევძელით. დღეს ყველა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა, ყველა დარწმუნებულია, რომ ჩვენ ვართ მართლები და აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა ბიბილაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
შესაბამისად, ტელეკომპანიის 100-ვე პროცენტის მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში რჩება. უფრო კონკრეტულად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის 60% ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს, 40% კი - შპს "პანორამას", რომლის მფლობელიც ასევე ქიბარ ხალვაშია.