საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უახლოეს ხანებში გამოიცემა ”ოქროს პერგამენტის” ლაურეატი, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის -,,ნათელი ქრისტესი. საქართველო’’ მე–3 ტომი.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ავტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ განუცხადა, გამოცემა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.
მისივე თქმით, საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეების ეს აკადემიური რარიტეტული გამოცემა მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობითა და პარტნიორობით.
”ქართველი და საერთაშორისო საზოგადოება უახლოეს დროში მიიღებს ქართველთა საუკუნის წიგნს, რომელიც თანამედროვეთ და მომავალ თაობებს აცნობს კულტურათა და რელიგიათა გზაჯვარედინზე მდებარე ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყნის_ საქართველოს ისტორიის ანალებს, მის თანამედროვეობას, სულიერებასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას; თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საძირკველში დატანებულ მარადიულ და წარუვალ ღირებულებებს”, - აცხადებს კირთაძე.
პროფესორი აღნიშნავს, რომ გამოცემის მე-3 ტომი პირდაპირ ეხმიანება და ტევადი ფორმითა და შინაარსით გამოხატავს მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენის – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის ისტორიულ მნიშვნელობასა და შინაარსს; საქართველოს განსაცდელებისა და გამარჯვებების ისტორიას; საქართველოს ისტორიულ გზას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ.
ტრილოგია უნიკალური ხელნაწერებით, არქიტექტურული და სხვა სახელოვნებო ნიმუშებით, ექსკლუზიური ფოტორეპროდუქციებით არის გამშვენებული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საგანგებოდ საუკუნის ამ წიგნს გადაეცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა მუზუმების განძთსაცავებიდან, არქივებიდან, კერძო კოლექციებიდან და ექსპედიციებიდან და მათ პირველად იხილავს ქართველი და უცხოელი მკითხველი.
შეგახსენებთ, რომ აკადემიურ პროექტზე _ქართველთა საუკუნის ტრილოგია ,, ნათელი ქრისტესი. საქართველო’’_მუშაობა დაიწყო 2000 წელს. ტრილოგიის პირველი ტომი გამოიცა 2003 წელს, მორე–2006 წელს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა იდეას და ეწეოდა კონსულტაციებს, რათა შექმნილიყო მონუმენტური წიგნი ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყნის – საქართველოს შესახებ;
სწორედ პატრიარქის ამ იდეამ ერთდროულად და ერთ პროექტში გააერთიანა საქართველოს ყველა დროის ცნობილი მეცნიერი .
16 წლის მანძილზე იქმნებოდა ქართველთა საუკუნის ტრილოგია –“ნათელი ქრისტესი. საქართველო”, როგორც თანამედროვეობის გამორჩეული სამეცნიერო-კულტურული ძეგლი, რომლის უკვე გამოცემული ტომები, უკანასკნელი წლების მანძილზე ღირსეულად მონაწილეობს UNESCO -ს ეგიდით გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე და პრეზენტაციებზე (პარიზი, ნიუ-იორკი, მოსკოვი, ტოკიო);
უკვე წლებია, კულტურის მსოფლიო დედაქალაქებში, სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებსა და მისთვის სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ქართველთა საუკუნის წიგნი ღირსეულად წარადგენს ჩვენს ქვეყანას და ყველგან გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს და საერთაშორისო აღიარებას იმსახურებს;
UNESCO -ს გენერალური დირექტორი სპეციალური წერილით გამოეხმურა ტრილოგიას და პარიზში UNESCO -ს შტაბ–ბინაში საგანგებო ადგილი მიუჩინა მას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II -მ საუკუნის წიგნი თავად ააბრძანა ათონის წმინდა მთაზე; წარგზავნა სინაზე – წმ. ეკატერინეს მონასტრის უძველეს ბიბლიოთეკაში; გადასცა მსოფლიოს უძველეს უნივერსიტეტებსა და მუზეუმებს; პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ ტრილოგიის უკვე გამოცემული ტომები თავად გადასცა საჩუქრად კოლუმბიის, სორბონის, მოსკოვის, ოდესის, ათენის და სხვა უნივერსიტეტებს და ამჟამად ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო” მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების რარიტეტულ კოლექციებში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ტრილოგიას მინიჭებული აქვს პრესტიჟული ჯილდო –“ოქროს პერგამენტი”;
ქართველთა საუკუნის წიგნის მფლობელები არიან საქართველოს, აშშ-ის, ევროპის სახელმწიფოთა, რუსეთის ფედერაციის, ისრაელის პრეზიდენტები და პოლიტიკური ლიდერები, ინგლისის დედოფალი, მსოფლიოს პირველი დიპლომატები რომის პაპი, მსოფლიო პატრიარქი და მსოფლიოს სულიერი ლიდერები; სხვადასხვა სფეროში აღიარებული ქართველი და უცხოელი მოღვაწეები, წარჩინებული ახალგაზრდები, წიგნის მხარდამჭერები.
დასრულდა და ახალ სვლას იწყებს ქართველთა საუკუნის ტრილოგია – ,,ნათელი ქრისტესი. საქართველო”, რომელსაც მრავალმხრივი, შორსმიმავალი და მასშტაბური მიზნები აქვს; უპირველეს ყოვლისა კი, მიზნად ისახავს – ჩვენი სამშობლოს, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, სულიერების, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის მანიფესტაციას და პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში.