9 ივნისს კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საავტორო საღამო გაიმართება, რომელშიც უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილს 60 წელი შეუსრულდა. შარშან, კლასიკური მუსიკის რიგით მე-10 ტრადიციული ფესტივალზე ”აღდგომიდან ამაღლებამდე” მის იუბილესთან დაკავშირებული საკონცერტო პროგრამა ერთი განყოფილებით, სხვა იუბილარ კომპოზიტორებთან ერთად აღინიშნა, ამიტომ კომპოზიტორმა, პიანისტმა და ავტორ-შემსრულებელმა თავისი შემოქმედების შეძლებისდაგვარად უფრო ვრცლად წარმოდგენა გადაწყვიტა. მიმდინარე წლის 26 აპრილს წარმატებულად ჩატარდა ტატიშვილის კამერული მუსიკის საავტორო საღამო ეროვნული ბიბლიოთეკის არტ-დარბაზში, სადაც კომპოზიტორის საფორტეპიანო ციკლის ”უკანასკნელი რომანტიკოსის”თბილისური პრემიერა შედგა. ამ ტექნიკური და მხატვრული თვალსაზრისით ურთულესი ნაწარმოებით ქართული საზოგადოების წინაშე შესანიშნავი სომეხი პიანისტი, ორღანისტი და კომპოზიტორი ჰოვანეს მანუკიანი წარსდგა, რომელმაც კომპოზიტორის მხატვრული ჩანაფიქრის მსმენელამდე მიტანა მთელი სიღრმით შესძლო. მსმენელმა ავტორიც და შემსრულებელიც გულწრფელი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. საღამოზე კომპოზიტორმა მსმენელს წარუდგინა როგორც უკვე ცნობილი, ასევე ახალი ვოკალური ნაწარმოებებიც, რომელსაც შესანიშნავი მომღერლები,- მზია ჭილაძე (სოპრანო) და მარიკო ებრალიძე ასრულებდნენ. ახალგაზრდა, ნიჭიერმა ინსტრუმენტალისტებმა კომპოზიტორის კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები შეასრულეს. 27 აპრილს ოთარ ტატიშვილი ილიას უნივერსიტეტის მიწვევით, ”თეატრალურ ფოეში” ოდნავ განსხვავებული პროგრამით წარსდგა მსმენელის წინაშე, სადაც ასევე წარმატებულად ჩატარდა კომპოზიტორთან შეხვედრა. 9 ივნისს, 19:30 საათზე კომპოზიტორი კვლავ ელის თავისი მუსიკის თაყვანისმცემელებს ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის მცირე დარბაზში, ამჯერად ”უკანასკნელ რომანტიკოსთან” ერთად, რომლის შესასრულებლად საქართველოს ჰოვანეს მანუკიანი კვლავ ეწვია, მსმენელის წინაშე წარსდგება ცნობილი კანადელი მევიოლინე რუბენ კოსემიანი, რომელიც ოთარ ტატიშვილის სავიოლინო კონცერტით ძალიან დაინტერესდა და გადაწყვიტა საკუთარ რეპერტრუარში შეტანა. კონცერტში მონაწილეობს კამერული ორკესტრი. ორკესტრს უხელმძღვანელებს ქართველი დირიჟორი გიორგი შილაკაძე. ჰოვანეს მანუკიანი ქართველ მუსიკოსებთან ერთად შეასრულებს საფ-ნო კვინტეტსაც. კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი, წლის მანძილზე, გარდა მისი კლასიკური ქმნილებებისა, გეგმავს, ასევე, პოპულარული მუსიკის კონცერტს თბილისის საკონცერტო დარბაზში. გარდა ამისა, კომპოზიტორი ემზადება საიუბილეო CD ალბომებისა და სანოტო კრებულების გამოსაცემად, შემოქმედებითი საღამოებისთვის საქართველოს რეგიონებში და საზღვარგარეთ