7 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საფრანგეთის უმაღლეს სოციალურ კვლევათა სკოლის დოქტორის გიორგი მამულიას კონფერენცია თემაზე “გიორგი დეკანოზიშვილის პირადი არქივი”.
გიორგი დეკანოზიშვილი იყო პირველი ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში წამოაყენა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის იდეა როგორც საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენის პირველი ეტაპი. 1902 წლიდან გიორგი დეკანოზიშვილი მუდმივად იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობას იღებდა გაზეთების – “საქართველოს” და “La Georgie”–ს გამოცემის საქმეში. 1904-1905 წლებში მიმდინარე რუსეთ-იაპონიის ომისა და 1905 წლის რუსეთის რევოლუციის წლებში მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა დამყარებული იაპონიის წარმომადგენლებთან ევროპაში, რომელთა მხარდაჭერითაც ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევდა ანტიკოლონიალურ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. 1905 წლის ივნის-დეკემბერში უშუალოდ ხელმძღვანელობდა გემ “სირიუსით” საქართველოში იაპონელთა ფინანსური დახმარებით ნაყიდი იარაღის გამოგზავნას, რის გამოც რუსეთის იმპერიული მთავრობის მიერ სახელმწიფო პოლიტიკურ დამნაშავედ იყო გამოცხადებული და სიცოცხლის ბოლომდე (გარდაიცვალა 1909 წელს) იძულებული იყო დარჩენილიყო ემიგრაციაში საფრანგეთში.
გიორგი დეკანოზიშვილის უმდიდრესი პირადი არქივი, რომლის სრული ფოტოასლები გიორგი მამულიამ პირველად ჩამოიტანა საფრანგეთიდან საქართველოში, გასული საუკუნის 60-იან წლებში საფრანგეთის ეროვნულ არქივს გადასცა გიორგი დეკანოზიშვილის ქალიშვილმა ქალბატონმა თინათინ დეკანოზიშვილმა.
ღონისძიებაზე გიორგი მამულია დამსწრე აუდიტორიას წარუდგენს მის მიერ ამერიკელ ისტორიკოს ჰიროაკი კურომიასთან ერთად ინგლისურად გამოცემულ წიგნს “ევრაზიული სამკუთხედი. რუსეთი, კავკასია და იაპონია 1904-1945 წწ.”, რომელიც უშუალოდ ეხება ამ პერიოდის იაპონურ-კავკასიურ ურთიერთობებს და რომლის შესაბამისი თავებიც მნიშვნელოვანწილად არის დაფუძნებული გიორგი დეკანოზიშვილის საარქივო მასალებზე.
ხსენებული წიგნის პდფ-ი იხ. ბმულზე:
https://www.degruyter.com/viewbooktoc/product/469152
დასწრება თავისუფალია