ზაჰესიის ტერიტორიაზე 2 დღიანი საერთაშორისო ფესტივალი „Tbilisi JAM! Fest 2016" გუშინ გვიან ღამით სასულიერო პირებმა ჩაშალეს. ფესტივალზე უკრაინელი, აზერბაიჯანელი, შვედი, სომეხი და ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
სასულიერო პირები და მრევლის წევრები ფესტივალის შეწყვეტას იმ მიზეზით ითხოვდნენ, რომ ეს ტერიტორია სასაფლაოსთან და ეკლესიასთან ახლოსაა. თვითმხილველების ცნობით, პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა თუმცა ფესტივალი მაინც შეწყდა.
"პირველად მრავალი წლის მანძილზე, ჯინჯერის გამოსვლა რელიგიური ფანატიკოსების თავდასხმის გამო შეწყდა. Tbilisi JAM Fest მხოლოდ იმის გამო ჩაიშალა, რომ ახლოს მდებარე მონასტერს ის არ მოსწონდა. მღვდლებმა თან გაბრაზებული ხალხი მოიყვანეს და მათ ფესტივალის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალს ყველა ნებართვა ჰქონდა აღებული, ფანატიკოსებმა უბრალოდ გაწყვიტეს ელექტროენერგია. ყველაზე შოკისმომგვრელი პოლიცია იყო, რომელიც უბრალოდ აკვირდებოდა მოვლენებს. სამწუხაროა, რომ საქართველოში, ქვეყანაში რომელიც ცივილიზებული ჩანდა, რელიგიას უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე კანონს. იმედი გვაქვს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ალტერნატიულ ადგილს იპოვნიან და ჩვენ შეგვეძლება მუსიკის დაკვრა სანამ უკან, უკრაინაში დავბრუნდებით." - წერენ ჯგუფის წევრები.