საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად: .
"საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის 2014 წლის შემოდგომაზე ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. „სასკი ბასკონია“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონსა და ევროლიგაში მოასპარეზე კლუბ „ლაბორალ კუჩას“, ბავშვთა საკალათბურთო სკოლისა და საფეხბურთო კლუბ „ალავესის“ მეპატრონეა.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში „ლაბორალ კუჩას“ მწვრთნელების მონაწილეობით, ყოველწლიურად 14-17 წლის ასაკის მოზარდებს სპეციალური საწვრთნელი კემპები უტარდებათ, 2015 წელს კემპში მონაწილეობა მიიღო 180-მდე მომავალმა კალათბურთელმა, ხოლო 2016 წელს 60-მდე მოზარდმა. ყველა მოზარდის შესახებ, სპეციალურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შედგენილია მონაცემთა ბაზა, ესპანელი მწვრთნელებისა და მათივე ფსიქოლოგის მიერ შეირჩევიან საუკეთესო ბავშვები, რომლებიც მივლინებით ბასკეთში გაემგზავრნენ შარშან, წელსაც გაემგზავრებიან და წვრთნებს ესპანური კლუბის ბაზაზე გაივლიან. წარმატების შემთხვევაში საუკეთესო მოზარდებს კლუბი დაიტოვებს და პროფესიონალურ საწვრთნელ პროგრამასთან ერთად მათთვის ესპანეთში უმაღლესი დონის განათლების მიღებასა და ყველა საყოფაცხოვრებო პირობებს უზრუნველყოფს. კლუბში მივლინებულნი იქნებიან ქართველი მწვრთნელები, კლუბების მენეჯერები, პროფესიონალური დონისა და მმართველობის ეფექტურობის დასახვეწად. „სასკი ბასკონიასა“ და „ლაბორალ კუჩას“ გენერალურ მენეჯერთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად შესწავლილ იქნა საქართველოში საკალათბურთო სამყაროში არსებული რეალობა, შედეგებზე დაყრდნობით უახლოეს მომავალში შემუშავდება საქართველოში კალათბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა.
პროექტის განვითარების როგორც წინასახელშეკრულებო ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში ჩართული იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზდობის სამინისტრო, სამინისტროს ხელმძღვანელებმა მოინახულეს „სასკი ბასკონიისა“ და „ლაბორალ კუჩას“ საკუთრებაში არსებული საწვრთნელი, საცხოვრებელი და საგანმანათლებლო ობიექტები და თვალნათლივ დარწმუნდნენ ინფრასტრუქტურისა და მისი მმართვის უმაღლეს ხარისხში.
ხელშეკრულების მხარეებმა გაითვალისწინეს სამინისტროს შენიშვნები და სწორედ ამის შემდგომ მოხდა პროექტის დაწყება და მისი შემდგომი განვითარება.
მიმდინარე წლის 1 ივნისს კახა შენგელიას თხოვნაზე დაყრდნობით სეკფ პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩეძემ, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში მოიწვია გამგეობის სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილეს ესპანურ კლუბთან ურთიერთობის საკითხი. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა კიდევ ერთხელ მიაწოდა გამგეობის წევრებს ინფორმაცია ხელშეკრულების შინაარსის, მისი პირობების და პროექტის დადებითი მხარეების შესახებ.
ესპანური კლუბი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული სკოლაა ევროპაში, რომელსაც არაერთი ცნობილი მოთამაშე ჰყავს აღზრდილი, მათ შორის 6 მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაში (NBA) თამაშობენ. გამგეობის სხდომაზე განხილული იყო ხელშეკრულების ფინანსური მხარე. ხუთწლიანი ხელშეკრულების მიხედვით, ქართული მხარე კლუბს ყოველწლიურად 300 ათას ევროს გადაურიცხავს. სანაცვლოდ კი მიიღებს 50%-იან სარგებელს ქართველი, ხოლო 30%-იან სარგებელს უცხოელი მოთამაშეების ტრანსფერებიდან. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არ ექნება მიღებული გადარიცხული 1.5 მილიონი ევრო, მითითებული პუნქტით ამ თანხებს სრულად დაფარავს ესპანური კლუბი, რის გარანტიადაც ხელშეკრულება დამატებით დაზღვეულია ესპანური ფინანსური ინსტიტუტის მიერ.
ფედერაციის გამგეობამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გამგეობის ყველა წევრმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. გამგების 7 წევრმა - მიხეილ გაბრიჩიძემ, გიორგი ქართველიშვილმა, ნოდარ ქორქიამ, ვალერი ლომაძემ, გივი ბიჭიაშვილმა, ვლადიმერ ბოისამ და გიორგი სანაძემ პროექტი წარმატებულად შეაფასეს. გამგეობის 2 წევრმა კი, კახა შენგელიამ (რომელიც ამავდროულად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო) და თემურ დათიკაშვილმა გამოთქვეს პრეტენზია, რომ ჯობდა ამ თანხით განხორცილებულიყო ადგილობრივი პროექტები.
ფედერაციის გამგეობამ განიხილა პროექტი, მიიღო გადაწყვეტილება და აღიარა იგი საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად. ესპანურ კლუბთან თანამშრომლობა ახალგაზრდა კალათბურთელებს აძლევს ახალ შესაძლებლობას და შანს აიმაღლონ სათამაშო დონე და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ და წარმატებულ კალათბურთელებად.
იმავდროულად ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებისათვის გაიზრდებიან წამყვან ესპანური საკალათბურთო კლუბის მეთოდოლოგიით გაწვრთნილი მაღალი ევროპული დონის კალათბურთელები, რომელთა ცოდნა და პროფესიონალიზმი ერთმნიშვნელოვნად დადებითად იმოქმედებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მომავალ წარმატებებზე. აღნიშნული ხელშეკრულების მიზანიც სწორედ ეს გახლავთ და საბოლოო ჯამში ფედერაციას არა თუ უკან დაუბრუნდება გადარიცხული თანხა (გარანტირებულად), არამედ “სასკი ბასკონიასა“ და „ლაბორალ კუჩას“ გამოცდილებაზე დაყრდნობით ველოდებით გადარიცხულ თანხაზე ბევრად მეტს. რომლის დიდი ნაწილიც გადაუნაწილდებათ საქართველოდან წარგზავნილი სპორტსმენების აღმზრდელ კლუბებს.
გამგეობის 2 წევრმა კახა შენგელიამ და თემურ დათიკაშვილმა დატოვეს ფედერაციის რიგები გამგეობისთვის გაურკვეველი მიზეზებით.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც უარყოფითად მოიხსენიება „სასკი ბასკონიასთან“ და „ლაბორალ კუჩასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება და ზოგადად აღნიშნული პროექტი. კახა შენგელია და თემურ დათიკაშვილი შეგნებულად აწვდიან საზოგადოებას მცდარ და შეურაცხყოფელ ინფორმაციას, რაც ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს სათანადო პასუხის გაცემას.
სწორედ ამიტომ 6 ივნისს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართება", - აღნიშნულია განცხადებაში.