2017 წელს თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან და სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“-ს დირექტორთან ერთად ჩადო.
მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის სავარჯიშო კომპლექსი გლდანის რაიონში, 4 ჰა ტერიტორიაზე აშენდება. კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება : ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. მოეწყობა სავარჯიშო დარბაზი, რომელიც სპორტული ინვენტარით, საშხაპეებითა და გასახდელით აღიჭურვება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნასა და 100 მანქანაზე გათვლილ საპარკინგე ზონას ითვალისწინებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ რაგბიში ძალიან სერიოზული წარმატებები გვაქვს და მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას ველოდებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუხიანში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელმაც აქტიურად უნდა ითამაშოს და გვასახელოს, გავაკეთოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაზა, რომელიც გათვლილი იქნება იმაზე, რომ მოზარდებიც მოემზადებიან და, გარდა ამისა, აქ იქნება საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, სადაც მომდევნო წლის მსოფლიო ახალგაზრდული რაგბის თამაშების ერთი ნაწილი გაიმართება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ მომდევნო წლამდე, 6 მლნ ლარზე მეტს დავხარჯავთ იმისათვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა გვქონდეს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს და სამუშაოები 2017 წლის თებერვალში დასრულდება. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს საქართველო 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც რაგბის ახალ სტადიონზე შეხვედრები გაიმართება.
საძირკველში კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიას თბილისის მერთან ერთად, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატები, ვეტერანი მორაგბეები, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრების წევრები ესწრებოდნენ.