ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა წერს 20 %-ით მეტი მგზავრი გაატარა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც თავის მხრივ იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ თვეში 73,851 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა 20 %-ია..
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 27 მაისიდან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ ქუთაისიდან კიევის მიმართულებით კვირაში სამის ნაცვლად ოთხი სიხშირით დაიწყო ფრენების შესრულება, ხოლო 4 ივნისიდან ფრენები კიევის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება.
„2016 წლის სექტემბრის თვიდან აეროპორტში ბაზირებას მოახდენს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ და არსებულ ფრენებს დაემატება 7 ახალი მიმართულება ევროპის მიმართულებით. ესენია: ბერლინი, დორტმუნდი, მიუნჰენი (მემინგენი), მილანი, სალონიკი, სოფია და ლარნაკა.
ასევე, 10 მარტიდან ნატახტარის აეროდრომიდან ქუთაისის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ფრენებს ასრულებს ავიაკომპანია სერვისეარი. ამავე ავიაკომპანიამ რეგულარული ავიარეისების განხორციელება ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით დაიწყო“, აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 % გაიზარდა.