საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სკანდალში გაეხვია - დღეს ფედერაცია დატოვეს ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გამგეობის წევრმა თემურ დათიკაშვილმა! კალათბურთელები ფედერაციას, ზოგადად ბავშვების გაქურდვას, კონკრეტულად კი საქართველოს ბიუჯეტიდან მომავალი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ!! ცნობისთვის, ეს „მილიონობით ლარი“ საქართველოს ბიუჯეტის 6,5 მლნ-ია!!
ყველაფერი დაიწო რამდენიმე კვირის წინ გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებული გენერალური მდივნის გიორგი ქართველიშვილის ინტერვიუთი, რომლითაც კალათბურთის სამყარომ გაიგო, რომ თურმე (!!) ფედერაციას ორი წლის წინ ხელშეკრულება გაუფორმებია „ფონდი 5+11“ და „სასკი ბასკონია S.A.D.”-სთან (ორივე ორგანიზაციას ერთი პრეზიდენტი ჰყავს). დოკუმენტს არც მეტი არც ნაკლები „ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება“ჰქვია. მართალია, დღემდე ეს ტერმინი - ტექნიკური თანამშრომლობა - თავის თავში რას მოიცავს არც ერთმა კალათბურთელმა არ იცის, მაგრამ ვიცით პროექტის ფასი - ძალიან ბევრი მილიონი!
ვერ გაიგეთ არა? ვერც ჩვენ! ფედერაცია სხვა თანხას ასახელებს, ხელშეკრულებაში სხვაა მითითებული!! მოდით რომ არ გავცდეთ კანონის ჩარჩოებს, ჩავიხედოთ დღემდე გასაიდუმლოებულ დოკუმენტში, სადაც შავით თეთრზე წერია: „500.000.00 ევრო ყოველ სპორტულ სეზონში... გადახდა შესრულდება შემდეგი ნაწილების მიხედვით: ა) 300,000.00 ევრო მოთამაშეთა მომზადებისათვის... ბ) 200,000.00 ევრო ტექნიკური თანამშრომლობისათვის... ან 2,1000,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლისას, ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად: ა) 1,250.000.00 ევრო მოთამაშეთა მომზადებისათვის, ბ)850,000.00 ევრო ტექნიკური თანამშრომლობისათვის“... ხელშეკრულების თანახმად „ფონდი 5+11“ საქართველოში ყოველწლიურად გამოაგზავნის სპეციალისტების ჯგუფს საკალათბურთო „კემპს“ მოსაწყობად კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ შერჩეული 14-17 წლის ასაკის კალათბურთელებისათვის, შეიმუშავებს ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამას და ასე შემდეგ. ეს ხელშეკრულება ერთი შეხედვით ძალიან მომხიბვლელია, რა გვინდა ამაზე მეტი? არც არაფერი! ქართველი ბავშვები წავლენ ესპანეთში ისწავლიან კალათბურთის ბურთის კალათში ისე ჩაგდებას, რომ მათ მიერ მიზანში ნატყორცნი ბურთი რამდენიმე ლარი კი არა, ჯერ ათასები და მერე, ვინ იცის,მილიონaდაც შეფასდეს ეგებ! მაგრამ ეს ერთი შეხედვით, ხელშეკრულებას კარგად თუ წავიკითხავთ აღმოვაჩენთ ერთ დეტალს, რომელშიც რამდენიმე კი არა, ეშმაკების მთელი ჯოგია დაფარული: „საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ითანამშრომლებს „სასკი ბასკონია S.A.D.“-სთან უცხოელი კალათბურთელების მომზადებაში ეკონომიკური წვლილის შეტანის გზით და უფლება ექნება მიიღოს წილი დაბალი ლიგების მოთამაშეების გაყიდვის ან ტრანსფერის უფლებებიდან“. ანუ, საქართველო დააფინანსებს ესპანეთში ჩასული, მაგალითად, აფრიკელი ბავშვის კალათბურთელად ჩამოყალიბების პროცესს და თუ ეს ბავშვი „ბაზარზე“ სარფიანად გაიყიდება, აქედან წილს მიიღებს! ეს მრავალმილიონიანი პროექტი ხუთწლიანია და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი უცხოელი ბავშვი გაიყიდება სარფიანად და რაოდენ დიდი პროცენტი შემოვა საქართველოში, როგორ აყვავდება ჩვენი „შოკუნიებით“ ვერდაშოკილი ბიუჯეტი და როგორ აყვავდება ქვეყანა?! არაფერს ვიტყოდით იმ ქართველ ბავშვებზე ვინც ესპანეთში გაივლიან ან გადიან წვრთნებს რომ არა ერთი „უმნიშვნელო დეტალი“: „ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება“ ორი წლის წინ გაფორმდა, ესპანეთში გადარიცხულია 500.000 ევრო და სადღაც არუის „მისილული“ „ტექნიკური თანამშრომლობის“ 200 ათასი ევრო, შედეგად სამი ქართველი კალათბურთელია ესპანეთში წასული, აქედან ერთი დარბაიძე ორ თვეში ჩამოვიდა სამშობლოში „ეს სად მოვხვდი, ეს სად ვიყავიო“, - კარგა ხანს ვიშვიშებდა, ხოლო მეორე - ბოლაშვილი - ოჯახმა დააფინანსა. დიახ, არსებობს დოკუმენტაცია (რაც კახა შენგელიას აქვს), რომლითაც დასტურდება რომ ბოლაშვილის ერთი საკალათბურთო სეზონი (ათი თვე) ოჯახმა დააფინანსა და ეს მათ საერთო ჯამში 25 ათასი ევრო დაუჯდათ (ბოლო გადახდა გუშინ განხორციელდა, ბოლაშვილის მამამ 17 ათასი გადარიცხა). ასეთ ვითარებაში ბუნებრივია ისმის კითხვა - რას აკეთებს პროგრამა, რომელიც 5 წლიანია და რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,5 მილიონი ლარია ჩადებული? ჩვენ პასუხისა და შეფასებისაგან თავს შევიკავებთ და იმედს ვიტოვებთ რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ამ თემით.
ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ თემურ დათიკაშვილს:
- ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და მე დღეს დავტოვეთ სხდომა. ხვალ მივალ ფედერაციაში დავწერ განცხადებას და გამგეობის წევრობიდანაც წამოვალ. მე გამგეობას განვუცხადე რომ არ ვეთანხმები ფედერაციის ორი ხელმძღვანელის (გაბრიჩიძე და ქართველიშვილი) მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, განსაკუთრებით ბიუჯეტის თანხების უმიზნო ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ ადამიანებმა გააფორმეს კონტრაქტი რომლის შესახებ თითქმის ორი წელი არაფერი ვიცოდით, შემთხვევით გავიგეთ, ოფიციალურად კი დღეს გვითხრეს გამგეობის წევრებს. ჩემი აზრით ეს არის აბსურდული კონტრაქტი, რომელიც გამგეობაზე თავის დროზე რომ განეხილათ დარწმუნებული ვარ არავინ დაუჭერდა მხარს. ეს არ არის ქართული კალათბურთის განვითარებისაკენ მიმართული კონტრაქტი, ეს არის მავანთა საკუთარ კეთილდრეობაზე მორგებული.
- რას უწუნებთ?
- კონტრაქტით ფედერაცია ფულს იხდის უცხოეთში ბავშვების გაგზავნაში და ვიღაც უცხოელი ბავშვების გაზრდაში. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, სხვა ქვეყნის კალათბურთელები და სადღაც კალათბურთის განვითარება რომ დავაფინანსოთ. ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ჩვენი ახალგაზრდები და ჩვენი კალათბურთი! რა საჭიროა ბავშვების გაგზავნა სადღაც, როცა ყველა პირობაა საქართველოში?! ჩვენ ძალიან კვალიფიციური მწვრთნელები გვყავს, ყველა ცნობილი ქართველი კალათბურთელი საქართველოში გაიზარდა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს წესიერი ხელფასი რომ გადაუხადონ, არა გვაქვსო ამბობენ და ამ დროს მილიონ სამსაი ათასი ყოველწლიურად გაურკვეველი საქმისთვის სადღაც ირიცხება. აი, ამ ყველაფერს რომ არ ვეთანხმები ამიტომ დავტოვე გამგეობა. წინასწარ ვინ იცის ვინ როგორი კალათბურთელი დაფგება? საქართველო ესპანეთში ფულს რიცხავს უცხოელი ბავშვები გაზარდეთ და რომ გაყიდით პროცენტი მოგვეცითო. მეტიც, უწერიათ ბანკის გარანტია გვაქვს და ფულს ესპანეთის მხარე უკან დაგვიბრუნებსო, სინამდვილეში ბანკის გარანტია კი არა სადაზღვევო კომპანიის დაზღვევაა.
- ანუ ფულს აპროცენტებენ?
- არ ვიცი რას აკეთებენ, მაგრამ მე და კახა შენგელია ვემიჯნებით ფედერაციას.
- ამ პროგრამის ფარგლებში რამდენი ბავშვი გავიდა საქართველოდან საზღვარგარეთ?
- ფედერაცია ამბობს სამი ბავშვი გავუშვითო და ერთს ოჯახი უხდის ფულს, ორი კი ორ თვეში ჩამოვიდა და რა ვიცი როგორ და რა გითხრათ?! როგორც ბავშვები ამბობენ არც საჭმელი გვქონდა და არც საძინებელიო და ესაა გაზრდა?
- ფული თეთრდება?
- არ ვიცი რას ნიშნავს ეს ტერმინი, მაგრამ არამიზნობრივად რომ იხარჯება ბავშვების ფული, ეს ცხადია. ხუთწლიანია პროექტი, მეორე წელი მიდის და არაფერი გაკეთებულა გარდა იმისა რომ ფული გადარიცხეს. ახლა გვეუბნებიან რომ 16 ბავშვი წავა მალეო. მინდა გითხრათ რომ ათჯერ უფრო იაფად და ათჯერ უფრო კარგად ადგილზე, აქვე, საქართველოში შეიძლება გაზარდო ახალგაზრდები, ამიტომ არ გააგებინეს არაფერი გამნგეობას.
- რას ნიშნავს ტერმინი ტექნიკური მომსახურეობა?
- არ ვიცი. მენდ წერია რომ 200 ათასს იხდიან ამისთვის და რაა ეს, რას გულისხმობს არ ვიცი.
- როგორ მოიპოვეთ კონტრაქტი?
- ვიცე-პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მოითხოვა, არ მისცეს, ამიტომ მან საქმეში ჩართო ადვოკატი და ისე მოვიპოვეთ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, გეგა სილაგავა