1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ხელბურთის ფედერაციისა და განათლების სამინისტროს ინიციატივით, სპორტკომპლექს არენაში გაიმართა მინი ხელბურთის ფესტივალი „მე და ბურთი“. მონაწილეობდნენ თბილისის 11 სკოლისა და გორის გიმნაზიის გუნდები.
ტურნირი ნამდვილი სპორტული ზეიმი იყო მონაწილე ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი 12 წელს არ აღემატებოდა. ორგანიზატორებმა ყველა გუნდს დაურიგეს ნაირფერი, ლამაზი ფორმა, ხოლო შეჯიბრების შემდეგ დააჯილდოვეს მინი ხელბურთის ბურთებით, სამახსოვრო ნიშნებითა და პრიზებით.
მინი ხელბურთში გოგონები და ბიჭები ერთ გუნდში თამაშობენ. მონაწილეთა უმეტესობისთვის ეს პირველი შეხება იყო ხელბურთთან. მთელი ტურნირი ხელბურთის მწვრთნელებისა და მოთამაშეების თვალწინ გაიმართა და მათ ბევრი პერსპექტიული ბავშვი აღმოაჩინეს. თავის მხრივ, დებიუტანტმა ხელბურთელებმაც გამოთქვეს ვარჯიშის გაგრძელების სურვილი. ხელბურთის ფედერაცია ყოველმხრივ დახმარებას აღუთქვამს სასკოლო ხელბურთში მონაწილე გუნდებს, ამას წინათ სპეციალური სემინარიც გაიმართა სწორედ სკოლების სპორტის მასწავლებელთათვის. მსგავსი შეჯიბრებების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ბავშვების ხელბურთში ადრეული ასაკიდან მოზიდვაა.
რაც შეეხება ტურნირს, ფინალში 53-ე საჯარო სკოლის გუნდმა 7-6 დაამარცხა 175-ე სკოლა. მესამე ადგილზე 127-ე საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.