ადვოკატის ინფორმაციით, რუსეთში გასამართლებულმა უკრაინელებმა გენადი აფანასიევმა და იური სოლოშენკომ ვლადიმირ პუტინს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რუსეთის წარმომადგენლებმა დაჟინებით შესთავაზეს შეწყალების შესახებ თხოვნის დაწერა, რაც მან გააკეთა. მან შეწყალების თხოვნა ბრალის აღიარების გარეშე დაწერა”, - აცხადებს გენადი აფანასიევის ადვოკატი ალექსანდრ პოპკოვი. მისივე თქმით, შეწყალების თხოვნით რუსეთის პრეზიდენტს სოლოშენკომაც მიმართა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ორივე მსჯავრდებული საპატიმროებიდან მოსკოვში გადაიყვანეს.
გენადი აფანასიევი 2015 წლიდან რუსეთში შვიდწლიან პატიმრობაში იმყოფება. მას ყირიმში ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა ედება ბრალად. ამავე საქმეზე 20 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი ოლეგ სენცოვსა და ალექსანდრ კოლჩენკოს. აფანასიევმა თავდაპირველად აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა მოგვიანებით სენცოვისა და კოლჩენკოს სასამართლო პროცეზე ჩვენება უარყო. 73 წლის იური სოლოშენკო უკრაინის თავდაცვითი საწარმოს "ზნამიას" ყოფილი დირექტორია. 2015 წელს მას უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 29 მაისს განაცხადა, რუსეთთან სოლოშენკოსა და აფანასოევის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.