„ივანიშვილს არ ესმის ხალხის გაჭირვება და არ აპირებს ხალხის პრობლემების მოგვარებას“ , - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
„არც ერთი კონკრეტული სამომავლო დაპირება. მხოლოდ ტრაბახი და ტყუილები, რომ საქართველო აყვავდა და თითქოსდა ყველაფერი კარგად არის. სამწუხაროდ ისევ დაპირისპირების შემოტანა ქართულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი მიმართული, მხოლოდ იმისკენ, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახალი დოზის ღვარძლი გადმოანთხიოს. ტყუილები ციფრებში, - მე მინდა რამოდენიმე ციფრი შეგახსენოთ. საქართველოში დღეს გვაქვს რეკორდული საგარეო და საშინაო ვალი. ამდენი ვალი არ ყოფილა. ეს არის 15 მილიარდი დოლარი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ შეგროვილი ვალი. ყველაზე მინიმალური ექსპორტი, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყოფილა საქართველოში და ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა. ეს სამი ციფრი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი იტყუება და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მუშაობა ძალიან კარგად ეტყობა ჩვენს მოსახლეობას, თავის პრობლემებზე, რომ გაიზარდა სიღარიბე, გაიზარდა უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები შექმნილია ქვეყანაში. სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის წერილი კი არ არის მიმართული იქითკენ, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა მდგომარეობიდან. მთელი წერილი ეძღვნება ნაციონალურ მოძრაობას და არა იმას, თუ როგორ მოაგვარებს ის ადამიანების პრობლემებს, არამედ პირიქით, როგორ გააღრმავებს დაპირისპირებას და როგორ გააგრძელებს ბრძოლას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ და არა პრობლემების მოსაგვარებლად“, - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ვრცელი ღია წერილი დღეს გამოაქვეყნა.