დღეს, 18:00-20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში კომპანია „სევენთის“ ორგანიზებით და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება კომპოზიტორ დავით კევლიშვილის ქალაქური და საესტრადო ჟანრის ნაწარმოებთა სანოტო კრებულის წარდგენა. სიმღერების კრებულში შესულია ფორტეპიანოსა და გიტარის თანხლებით შესასრულებელი 23 ნაწარმოები, რომლითაც ავტორს წვლილი შეაქვს ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში და მომავალი თაობების აღზრდაში. კრებული გამოიცა მცირე ტირაჟით, ნაწილი საჩუქრად გადაეცემა მუსიკალურ სასწავლებლებს, დანარჩენი გაიყიდება.
ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ კრებულის დანიშნულებას. სიტყვით გამოვლენ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, კახა ცაბაძე, კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი, ზურაბ წერეთელი. ბატონ დავითის მოსწავლეები და მეგობრები ისაუბრებენ მის შემოქმედებაზე, შეასრულებენ რამდენიმე საესტრადო სიმღერას. ღონისძიების დასასრულს თავად კომპოზიტორი მეუღლესთან ერთად იმღერებს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ: „ჩემო კაკლის მურაბას“.
ღონისძიებას ესწრებიან თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრები. ქართული ესტრადის მომღერლები, კონსერვატორიისა და მუსიკალური სასწავლებლების ადმინისტრაცია, მედია.
ღონისძიების მასპინძელია დუგლაძეების ღვინის კომპანია, ღვინო „რანინა“.