ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ბანკ რესპუბლიკას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასაფინანსებლად, 22.5 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი გამოუყო, რაც წარმოადგენს ჯამში 45 მილიონი ევროს ოდენობის დამტკიცებული სესხის პირველ ტრანშს.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მძლავრ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორს. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ შეღავათიანი პირობებით გამოყოფილი საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფს იმ კომპანიების უკეთეს წვდომას ფინანსებზე, რომლებიც სირთულეებს აწყდებიან თავიანთი საქმიანობის დაფინანსებაში.“ - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საკრედიტო ოპერაციების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ.
ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით დაფინანსდება საქართველოში ვაჭრობის და კომერციის სფეროში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები; მათ უფრო ფართო წვდომა ექნებათ დაფინანსებაზე და უკეთ დაიკმაყოფილებენ საინვესტიციო და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებებს. ეს კი საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ხაზი. აღნიშნული პროექტის მიზნები სრულ ჰარმონიაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
საკრედიტო ხაზი ასევე ხელს შეუწყობს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას. 2010 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბანკ რესპუბლიკას 35 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყო.
მიმდინარე ხელშეკრულების შედეგად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სექტორის დაფინანსების მოცულობა 172 მილიონი ევრომდე გაიზრდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ოპერაციების მთლიანი მოცულობა კი 820 მილიონ ევროს მიაღწევს. მათ შორისაა ურბანული რეკონსტრუქციის მხარდაჭერის (გასულ წელს წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ) და ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა სექტორის მხარდაჭერასთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოში დაფინანსებული აქვს პროექტები ტრანსპორტის, წყლის და ენერგეტიკის სექტორებში.
ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:
ევროპის საინვესტიციო ბანკი - ევროკავშირის ბანკი, აფინანსებს პროექტებს საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მანდატის ფარგლებში, 2014-2020 წლებში მანდატი ითვალისწინებს აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის 4.8 მილიარდი ევროს ფარგლებში ადგილობრივი კერძო სექტორისთვის, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში პროექტების დაფინანსებას, რომლებიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინტერესს როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის. დამატებით, ბანკმა გააჩნია 3 მილიარდი ევროს მოცულობის სამეზობლოს ფინანსური რესურსი, რათა მხარი დაუჭიროს მეზობელ ქვეყნებს.
ბანკ რესპუბლიკისთვის გამოყოფილი საკრედიტო რესურსი აღნიშნული მანდატის ნაწილია და გაიცემა ევროკავშირის პოლიტიკური რისკის გარანტიის ქვეშ.
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიზანია გაზარდოს საქართველოს მხარდაჭერა მას მერე, რაც 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. შეთანხმება მნიშვნელოვნად აღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.