საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ოთხ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს. ფესტივალი 2 ივნისს, 19:00 საათზე დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნება.
ვაინახური კულტურის ფესტივალი 3 ივნისს, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაგრძელდება; 4 ივნისს ქუთაისში – ოპერატის თეატრში; 5 ივნისს ბათუმში – საზაფხულო თეატრში. დასაწყისი 19:00 საათზე.
ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა. ამასთან, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში საფრთხე შეექმნა კულტურის წარმოჩენას. მუსლიმი თემის ერთი ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა მუსიკა, ცეკვა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება.