უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლება რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებაში. ჯონ კერი მიიჩნევს, რომ სავჩენკოს გათავისუფლება უნდა გახდეს სტიმული შეთანხმებების დანარჩენილი ნაწილის შესასრულებლად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილია ასევე მინსკის შეთანხმებების შეუსრულებელი პუნქტები: აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტა, დონბასში უკრაინის კანონმდებლობისა და ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარდება, რეგიონიდან უცხო ქვეყნის ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა, ასევე უკრაინის ხელისუფლების მიერ საზღვარზე კონტროლის სრულად აღდგენა.
ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს მინსკის შეთანხმებები, რომლებიც ყველა მძევლის და უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნადეჟდა სავჩენკო 25 მაისს შეიწყალა. მარტში სავჩენკოს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის ბრალდებით რუსეთის სასამართლომ 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტმა შეიწყალა რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი, რომლებსაც კიევში ტერორიზმის ბრალდებით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
კიევში დაბრუნებულ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინის პრეზიდენტმა ოქროს ვარსკვლავის ორდენი გადასცა და გმირის წოდება მიანიჭა.