”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის სეფასებით, გუშინ გამართული, საკრებულოს შუალედური არჩევნები ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი.
,,გუშინ ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას, რომელმაც ვერაფრით დაამახსოვრა თავი ამ ოთხი წლის მანძილზე, ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება და ვერ მოაგვარა ვერც ერთი პრობლემა, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მკაფიო სიგნალი, რომ ხელისუფლება, რომელსაც არ აწუხებს ხალხის მომავალი, საქართველოში დამარცხდება და მას მომავალი არ გააჩნია”, - განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს გამარჯვება დადასტურდა იმაშიც, რომ ოთხი ოლქიდან, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ”ნაციონალური მოძრაობა”, ორში გაიმარჯვა.