“ჩვენ, ვაშლის ხეები”, - ასე ჰქვია ქართველი პოეტის, ბელა ჩეკურიშვილის ლექსების კრებულს, რომელიც გერმანულ ენაზე გამოვა. როგორც გერმანული გამომცემლობა Wunderhorn Verlag-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კრებული აგვისტოს ბოლოს გამოვა.
ქართველი ავტორის კრებულს გამომცემლობა “ვუნდერჰორნი” “მეზობელი ქვეყვენის პოეზიის” სერიით გამოსცემს, რომელიც გერმანიაში სერია “პე” -ს სახელით არის ცნობილი.
„ჩვენს ეპოქაში პოეზია მწერლობის არაკომერციულ ჟანრს წარმოადგენს, შესაბამისად, გერმანიაც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ამიტომ ლირიკული კრებულების გამოცემა, მით უფრო არაგერმანულენოვანი, უცნობი ავტორების, გამომცემლობების მხრიდან საგანმანათლებლო-კულტუროლოგიურ აქციას წარმოადგენს, რომლის მიზანი პოეზიის მხარდაჭერა და მისი, როგორც ჟანრის გადარჩენაა. გამომცემლობა „ვუნდერჰორნის“ სერია „პე“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პოეზიის მცოდნე გერმანელი მკითხველი რაც უფრო ეცნობა ქართულ პოეზიას, მით უფრო მოსწონს. 2018 წელს საქართველო ფარანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამ აქციის მიზანი ევროპელთანთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა და იმ საუკუნის მანძილზე გაწყვეტილი კულტურული ჯაჭვის აღდგენაა. ვნახოთ, იქნებ მოხერხდეს, ქართული მწერლობის ევროპულ სივრცეში დაბრუნება“ - ამბობს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ბელა ჩეკურიშვილი.
კრებულში “ჩვენ, ვაშლის ხეები” ბელა ჩეკურიშვილის 60 -მდე ლექსია გაერთიანებული. ბწკარედული თარგმანი ეკუთვნის გერმანულენოვან ქართველ მწერალს თენგიზ ხაჭაპურიძეს, ხოლო პოეტურ თარგმანი - გერმანელ პოეტს ნორბერტ ჰუმელტს, რომელსაც უკვე აქვს ქართულ პოეზიის თარგმნის გამოცდილება. გასულ წელს ბერლინში გამოცემულ ქართული ლირიკის კრებულზე “Aus der Ferne“ („შორიდან“) სწორედ ხაჭაპურიძე-ჰუმელტის ტანდემმა იმუშავა.
გამომცემლობა “ვუნდერჰორნი” ქართული პოეზიის გამოცემით კრებულ “Aus der ferne“-ს გაცნობის შემდეგ დაინტერესდა.