დავით კოღუაშვილმა სულ რაღაც ორიოდ დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი დაუფიქრებელი განცხადებებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, თუმცა, ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რომ ის რამე დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროა, რომ მან სულ რაღაც ორიოდ დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით. მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, ის, რაც მან ისაუბრა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრების, შეიძლება წარსულში წევრების და მომავალში ცალკე პარტიების წარმომადგენლების მიმართ, ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც ჩვენ მოვიპოვეთ ეს გამარჯვება, არის ძალიან გასაფრთხილებელი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, თვითონ, პირადად, ძალიან გავუფრთხილდები, რომ არ გავაკეთო ისეთ განცხადებები, რომ პიროვნულად, რაიმე შეურაცხყოფა არ მივაყენო ან გული ვატკინო, თუნდაც ჩვენს ყოფილ თუ დღევანდელ თანაგუნდელებს“,-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომ კოღუაშვილის ზოგიერთი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, თუმცა, მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს.
შეგახსენებთ, დავით კოღუაშვილმა პარტიისთვის არასასურველი წევრების ვინაობა დაასახელა. ის თამაზ მეჭიაურს და გოგი თოფაძეს სიაში ვეღარ ხედავს. ამასთანავე, კოღუაშვილი კრიტიკის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებსაც აღნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ უგულავასა და მერაბიშვილს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუწიოთ.