,,ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრებად მოსაწვევები პირველ რიგში პარლამენტში დაიგზავნა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსაწვევები ასევე დაეგზავნათ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ პარტიებს.
„ პარტიის ყრილობა ძალაშია. 14 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება პარტიის რიგით მეოთხე ყრილობა. რაც შეეხება მოსაწვევების თემას, არ ვიცი, რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. რეალურად, მოსაწვევი დაეგზავნა ყველა ადრესატს. პირველ რიგში მოსაწვევები დაიგზავნა პარლამენტში- ჩვენს ფრაქციაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ომარ ნიშნიანიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიული ყრილობის მოსაწვევის გარეშე დარჩა და დასძინა, რომ შესაძლოა ხვალისათვის დაგეგმილი ყრილობა გადაიდო.
„ალბათ, სადღაც არის და მომცემენ. თუ საერთოდ, ყრილობაზე ჩემი მისვლა უნდათ. მგონია, დღეს იქნება, რადგან ხვალ უკვე ყრილობაა. არ არის გამორიცხული, ყრილობა ხვალ არ გაიმართოს და გადაიდოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი პარლამენტში.
შეიძლება, ეს ყრილობა ერთი დღით გადავიტანოთ“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.