,,არსად არ მივდივარ, უბრალოდ, ვთქვი, რომ ჩემთვის ბევრი საკითხი მიუღებელია“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„მე არსად არ მივდივარ, უბრალოდ, ვთქვი, რომ ჩემთვის ბევრი საკითხი მიუღებელია და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლა მსურდა. თუ მათ რაიმე არგუმენტი აქვთ, რომელიც მათ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს, შესაძლოა, მე ეს გავიზიარო. არ მგონია, რომ ამ ოპტიმიზმის საფუძველი ვინმეს ჰქონდეს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ნატო-ში მიგვიღებენ“, - განაცხადა მეჭიაურმა.
გუშინ, ლონდონში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ”ქართული ოცნების” ახალ გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში. ამის შემდეგ მეჭიაურმა მისი გუნდიდან წასვლა არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ კონსულტაციებს ჯერ ყოფილ და მოქმედ პრემიერებთან გაივლის.