ასეთი “ნაციონალური მოძრაობით” ბიძინა ივანიშვილის დამარცხების პერსპექტივას ვერ ვხედავდი, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, გიორგი ვაშაძემ გადაცემა 2030-ში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ დატოვა "ნაციონალური მოძრაობა".
“ამ ახალი ენერგეტიკით და გაერთიანებული ძალებით, ოპოზიციური ფლანგის მიერ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების რეალურ შანსს ვხედავ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, ენმ-ში გადაწყვეტილებებს ძირითადად, გიგა ბოკერია იღებს.
“მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს. “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალიან ბევრი პატიოსანი და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე პოლიტიკური კონკურენტები ვართ, მათ წარმატებას ვუსურვებ”, - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლობა ყველა პროდასავლურ ძალასთან სურს, მაგრამ ბლოკებზე და გაერთიანებებზე მსჯელობას ნაადრევად მიიჩნევს. ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში არც ერთი კოლეგა ქვეყნის მტრად არ მიაჩნია, არავის უპირისპირდება და მტრად არავის აცხადებს.
“ჩვენი მიზანია, შევცვალოთ პარადიგმა, დავანგრიოთ ვერტიკალები, ფულიანი ჯიბის ადამიანები, მათ ჯიბეში ჩაძრომები და დავიწყოთ სრულიად ახალი პროცესი”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.