”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ გაურკვევლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლება ელემენტარული საკითხის გადაწყვეტაშიც უუნაროა.
სერგო რატიანის შეფასებით, მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა ვერ გადაწყვიტა ელემენტარული საკითხი.
”სრულიად გაუგებარი, აბსურდული და ძალიან მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა ვერ გადაწყვიტა ელემენტარული საკითხი. ამითაც ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მთელი ”ქართული ოცნების” ხელისუფლება, მათ შორის პრეზიდენტიც, რომელიც მათი მხრიდან იყო წარდგენილი, სრულიად უუნაროა ელემენტარული საკითხების გადაწყვეტაში”, - აღნიშნა რატიანმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულების აქტი მიმდინარე თვეში უნდა გამოსცეს. განკარგულებაზე პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება. პირველი ასეთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საპარლმენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი განისაზღვრა, პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში გამოსცა და წინასაარჩევნო კამმპანიის დასაწყისად 8 აგვისტო დაასახელა. პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულებას ხელი არ მოაწერა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა წინასაარჩევნო პერიოდად 3 თვე გამოცხადებულიყო, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ განკრგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემდა. „დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც მე დამაჯერა, დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და შეიძლება, არჩევნები უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად, მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 14 აპრილს.