დღეიდან, 22 მაისიდან, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურის საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდება. უნივერსიტეტს ესტუმრებიან ცნობილი ნიდერლანდელი მხატვარი, ფოტოხელოვანი იოკე ვან დენ ბერგი და პროფესორი ჰიპ ჰაგორტი (უტრეხტის სახელოვნებო სკოლა).
22 მაისს, 19:30 საათზე, უნივერსიტეტში გაიხსნება იოკე ვან დენ ბერგის ფოტოგამოფენა "ღამის ნათება". ხოლო 23-28 მაისს იგი ჩაატარებს ვორქშოფს ფოტოხელოვნების სტუდენტთათვის.
23-26 მაისს ჩატარდება ტრეინინგ პროგრამა კულტურის მენეჯმენტი და ანტრეპრენიორობა: ახალი პერსპექტივები, რომელსაც პროფესორი ჰიპ ჰაგორტი გაუძღვება.
ამ ღონისძიებების პარალელურად, 23-25 მაისს, უნივერსიტეტში ჩატარდება მაგისტრანტების და დოქტორანტების პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - სახელოვნებო მეცნიერებანი, სახელოვნებო პრაქტიკა, კულტურის პოლიტიკა, კულტურის მენეჯმენტი. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტები საქართველოდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, სირიიდან და მაკედონიიდან.