საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერიმ კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ეს განცხადება არის კონგრესმენ რასელის პირადი მოსაზრება.
”კონგრესმენებს აქვთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რომ ეს განცხადება არის კონგრესმენ რასელის პირადი მოსაზრება და არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების პოზიციას”, - განაცხადა ელჩის მოადგილემ.
შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენი სტივ რასელი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას მოითხოვს. რასელმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს პუტინის მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ ის ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში.
„რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები,“- განაცხადა რასელმა.