,,ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა მოითხოვა ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა კონგრესში. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე და პუტინის პროექტი.
„ჩვენი პარტნიორები დასავლეთიდან და ამ შემთხვევაში ამერიკიდან უკვე აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე, არის რუსული პროექტი. პუტინის პროექტი და ის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს. ეს იყო გაფრთხილება და მოწოდება იმისათვის, რომ პუტინის ეს იარაღი გავაუვნებელყოთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ამერიკელი კონგრესმენი სტივ რასელი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას მოითხოვს. რასელმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს პუტინის მოკავშირე უწოდა და აღნიშნა, რომ ის ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში.
„რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები,“- განაცხადა რასელმა.