თბილისში მე-20 საუკუნის ავსტრიული ლირიკის მრავალტომეულის ახალი, მეთორმეტე ტომი გამოვიდა. გამოცემა ეძღვნება მე-20 საუკუნის ევროპული პოეზიის ერთ-ერთ უნიკალურ ფენომენს და დღესდღეობით მრავალტომეულის რვა ტომია გამოცემული. ამ ტომებში წარმოდგენილია მსოფლიო პოეზიის ისეთი მნიშვნელოვანი სახელები, როგორებიცაა ჰოფმანსთალი, რილკე, თრაკლი, არტმანი, ლავანტი, ბუსტა და ბევრი სხვა ავტორი.
მრავალტომეული წარმოადგენს ქართული მთარგმნელობითი სკოლის როგორც ყველასთვის ცნობილი, ისე დღემდე უცნობი მთარგმნელების ერთობლივი შრომის ნაყოფს. ამ პროექტში მონაწილეობენ ქართველი გერმანისტებისა და პოეტების ყველა თაობის წარმომადგენლები.
მე-20 საუკუნის ავსტრიული ლირიკის მრავალტომეულს ოთხი წელია, მწერალი და მთარგმნელი დათო ბარბაქაძე გამოსცემს. აღსანიშნავია, რომ გამოცემა ორენოვანია და განკუთვნილია როგორც ევროპული პოეზიით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის, ისე - უმაღლესი სასწავლებლების ჰუმანიტარული ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის. ეს არ არის კოლექციონრებისთვის განკუთვნილი მრავალტომეული, თითოეული ტომი დამოუკიდებელი გამოცემაა და ერთი ან რამდენიმე პოეტის შემოქმედებას ეძღვნება. მრავალტომეულის უნიკალური მახასიათებელია, რომ თითოეული ტომი აღჭურვილია მდიდარი თეორიული დანართით, რომელშიც მკითხველი გერმანულენოვანი პოეტების საპროგრამო წერილებს ეცნობა. მრავალტომეულში შესული ყველა პოეტის შემოქმედებას წინ უძღვის ვრცელი შესავალი წერილები. ისინი დაწერილია ან თვით დათო ბარბაქაძის ან მისი უცხოელი კოლეგების მიერ.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ამ წამოწყების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქციაა ქართველი გამომცემლების, მეცნიერებისა და მთარგმნელების სტიმულირება ანალოგიური ხასიათის ფრანგული, ინგლისური, ამერიკული, იტალიური, არაბული, ინდური, ჩინური და სხვა ქვეყნების პოეტური მრავალტომეულების გამოსაცემად.
"ყოველ შემთხვევაში, გზა უკვე გაკვალულია და კონცეპტუალურ-მეთოდური გამოცდილება, რომელსაც ქართულ ენაზე ავსტრიული პოეზიის მრავალტომეულის გამოცემა ქმნის, ბევრი გამომცემლისთვის და მეცნიერისთვის შეიძლება სასარგებლო და საქმის შემამსუბუქებელი აღმოჩნდეს", _ განაცხადა ბარბაქაძემ.
მრავალტომეულის მე-12 ტომი მთლიანად დიდი ავსტრიელი ლირიკოსისა და მწერლის ინგებორგ ბახმანის შემოქმედებას ეძღვნება. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი ავტორის პოეტური მემკვიდრეობის პირველი მასშტაბური პრეზენტაცია ქართულ ენაზე. წიგნი მოიცავს პოეტი ქალის ყველა რჩეულ ლექსს, თარგმნილს კარგად ცნობილი მთარგმნელების დალი ფანჯიკიძის, ლულუ დადიანის, ვასილ გულეურის, ასმათ ფიცხელაურის, დავით წერედიანის და ბესიკ ადეიშვილის მიერ. აღსანიშნავია, რომ მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, ბახმანის ზოგიერთი ცნობილი ლექსის ახალ თარგმანებთან ერთად იხილოს იგივე ლექსების ადრეული ქართული თარგმანებიც. წიგნის ვრცელ თეორიულ დანართში კი მოთავსებულია ბახმანის ხუთი ლექცია ლიტერატურაზე, რომლებიც ცნობილია ფრანკფურტული ლექციების სახელით (თარგმნა თამარ კოტრიკაძემ), ასევე - მის მიერ დიალოგის ფორმით შექმნილი ესე ავსტრიელ ფილოსოფოსზე ლუდვიგ ვიტგენშტაინზე (თარგმნა ასმათ ფიცხელაურმა). წიგნში შესულია გერმანელი მეცნიერის შტეფანია გოლიშის ვრცელი შესავალი წერილი, რომელშიც განხილულია ბახმანის პოეტური და თეორიული შემოქმედება.
ბარბაქაძის განცხადებით, უკვე მზად არის მრავალტომეულის კიდევ ორი ტომი, რომელსაც უახლოეს თვეებში მიიღებს მკითხველი.
აღსანიშნავია, რომ ეს საგამომცემლო პროექტი, მისი არაკომერციული ხასიათის გამო, ყოველთვის ურთულეს ფინანსურ პრობლემებს აწყდება. ავსტრიული მხარე მას დღემდე მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებდა. ნაწილობრივ კი ამ გამოცემას დღემდე პროექტის ხელმძღვანელი უზრუნველყოფდა. ერთი მსხვილი ტომის გამოსაცემად კი თანხა მისმა მეგობარმა გაიღო.
"მორიგი ორი ტომიც გამოვა და მერე, ალბათ, იძულებული გავხდები, პროექტი შევაჩერო. რაც აქამდე გავაკეთე, იყო მხოლოდ გზავნილი, თუ რამდენად მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, ვინმე რომ ამომდგომოდა მხარში. მით უმეტეს, რომ ამ შრომაში არავითარ მატერიალურ ანაზღაურებას არ ვღებულობ, მაღაზიებში სიმბოლურ ფასად იყიდება, ტირაჟი კი მიზერულია. თავის დროზე კულტურის სამინისტროსაც მივმართე დახმარების თხოვნით, თბილისის მერიასაც და ბანკებსაც, მაგრამ ყველამ უარით გამომისტუმრა", _ განაცხადა ბარბაქაძემ.