საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა ლიტველმა დეპუტატმა ემანუელ ზინგერისმა დაუსვა. გიორგი კვირიკაშვილი სურვილს გამოთქვამს, რომ "რუსთავი 2" იყოს ისეთივე კრიტიკული წინასაარჩევნოდ, როგორიც დღესაა.
„რუსთავი 2-ის საქმეს ორი განზომილება აქვს. პირველი მფლობელების საქმეს ეხება, მეორე განზომილება კი მედიის თავისუფლებას. მე საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება გავაკეთე. წინადადება მქონდა, შექმნილიყო ბორდი, სადაც შევიდოდნენ არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსთავი 2-ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას. როგორც გითხარით, ამ საქმეს ორი განზომილება აქვს. ერთი ეხება მფლობელების საქმეს, მთავრობას არ აქვს საშუალება ჩაერიოს სასამართლო პროცესში, მაგრამ თუ ჩემ პირად მოსაზრებას მეკითხებით, ვისურვებდი, რომ "რუსთავი 2" ისეთივე კარგი იყოს, როგორიც დღესა, ისეთივე კრიტიკული იყოს სამთავრობო პოლიტიკის მიმართ, როგორიც დღეს არის, და რომ არ მიეცეს ოპოზიციას საშუალება ამ თემით სპეკულირება მოახდინოს არჩევნების წინ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.