„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ შეთანხმება საქართველომ სრულად შეასრულა.
„ჩვენ მივეცით რეგისტრაციის საშუალება ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურდა, დაბრუნებულიყო საქართველოში. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს 2-ჯერ გავაგრძელეთ რეგისტრაციის ვადა. მაშინ ძალიან მკაფიოდ შევთანხმდით ჩვენს თურქ მეგობრებთან, რომ თუ გაგრძელებული ვადის პირობებშიც არ გაივლიდნენ რეგისტრაციას, ჩაითვლებოდა, ამ ადამიანებს დაბრუნების სურვილი არ ჰქონდათ. რეგისტრაცია დაახლოებით 6 ათასმა ადამიანმა გაიარა და მათ ველოდებით საქართველოში, მაგრამ თემა დახურულია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ სადღაც არსებობს ასეულობით ათასი ადამიანი, რომელსაც საქართველო არ იღებს, არასწორია. ეს ვალდებულება შესრულებულია“,- განმარტა დავით ბაქრაძემ.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თურქეთი საქართველოსგან თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ 1999 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება.
“როგორც აღვნიშნე, 1999 წელს საქართველომ აიღო თურქი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება და ჩვენ ამ მხრივ განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ადამიანების რეპატრიაცია იქნება ასახული ერთ-ერთ პრიორიტეტად ევროსაბჭოს წევრი საქართველოს სამოქმედო გეგმაში”, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.