პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე არ გამორიცხავს, რომ არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით შეუთანხმებლობამ, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები გამოიწვიოს.
,,2-თვიანი წინასაარჩვენო კამპანია სრულებით საკმარისია ქვეყნისთვისაც და საარჩევნო სუბიექტებისთვისაც. ამიტომ პოლიტიკური ამოცანა დღეს უნდა იყოს ის, რომ შეთანხმება შედგეს. არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემა მაისში იქნება ძალიან არასასურველი, ვინაიდან ეს არამარტო ფინანსური თვალსაზრისით გვაზარალებს, არამედ ზოგადად, არ არის სწორი, როდესაც იმის მაგივრად, რომ მიმდინარე პრობლემებს წყვეტდეს, ქვეყანა ნახევარი წლის მანძილზე საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობდეს. მე მგონი, ეს არ არის სასურველი და თუ რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილების სახით ეს აჯობებს, ვიდრე ამ თემაზე მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება/არ მიღება”, - აცხადებს დეპუტატი, თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა საკანონმდებლო ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი.